რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების შესყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის მომხრეა, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი სერგეი შამბა. როგორც შამბამ sukhum-moscow.ru-ს განუცხადა აფხაზეთის განვითარებისთვის უძრავი ქონების ბაზრის გახსნა აუცილებელია, ქართველების მხრიდან ქონების შეძენის თავიდან ასაცილებლად კი სპეციალური თავდაცვის მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.
„საფრთხე ყველა კანონში იმალება, ამიტომ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ქართველებს განსაკუთრებული ინტერესი ქონდეთ, თუმცა ამის კონტროლი შესაძლებელია.“- აცხადებს შამბა და აღნიშნავს, რომ თუ საკითხი პარლამენტში განიხილება ყველაფერი ყურადღებით გადაიხედება და თავდაცვის მექანიზმი უზრუნველყოფილი იქნება.
შამბამ ინტერვიუში ივანიშვილის ინტერესების შესახებ და საქართველოს ექსპრემიერის მიერ აფხაზეთში ქონების შესაძლო შეძენაზეც ისაუბრა:
„მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას, ოდესმე მსგავს აქციას გაუწიოს ორგანიზება. მაგრამ მე არ მესმის, როგორ შეიძენს ვინმე ქართველი აფხაზეთში ქონებას. რაში გამოიყენებს? ჩამოვა და დაისვენებს აქ თუ იცხოვრებს? თუ ეს პროგრამა ნამდვილად არსებობს, მისი განხორციელება არარეალურია . ქართველებმა იარაღით ხელში ვერ შეძლეს აქ გამაგრება და როგორ შეძლებენ აქ საცხოვრებლად ჩამოსვლას იარაღის გარეშე?“- განაცხადა შამბამ.
მასალის გამოყენების პირობები






