„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე ALDE-ს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს იმიჯი შელახულია.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ALDE-ს მისამართით გაგზავნილი წერილი ემსახურებოდა იმას, რომ საქართველო მსოფლიო ცენტრიდან არ გაქრეს.
„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ჩვენი ქვეყნის იმიჯი შელახულია. ამაზე მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მედიის თავისუფლებაზე და ასევე დღევანდელი განცხადებაც. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ყოველთვის მტკივნეულად აღვიქვამთ, როდესაც ჩვენი ქვეყნის იმიჯი ილახება და ამიტომ რადგან ხელისუფლება ამ მიმართულებით პასიურია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არა მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი, არამედ ეს არის საქმე, რომელსაც ჩვენ ხელი უნდა მოვკიდოთ, რომ საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრიდან არ გაქრეს. ამას ემსახურებოდა ჩვენი წერილი და ALDE-ს პასუხი. მნიშვენლოვანია, რომ საქართველო რეგიონში იყოს ყველაზე წარმატებული ქვეყანა, ასევე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კლუბში“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება საარჩევნო სისტემას 2020 წლამდე შეგნებულად არ ცვლის.
„საარჩევნო სისტემა, რომ ცუდია აღიარებული ყველას მიერ, მათ შორის იმ პირების მიერ, ვინც მმართველ კოალიციაში არიან. ამ სისტემის არ შეცვლა არის იმით გამოწვეული, რომ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ ამ სისტემით არის შესაძლებელი. საერთაშორისო ხარდაჭერა და ჩვენი პოზიციის გამტკიცება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვანია ამ საკითხში“, - ამბობს ფანჯიკიძე.
მასალის გამოყენების პირობები






