არიან თუ არა საქართველოში პოლიტმატიმრები. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მძიმე რეზოლუცია მიიღო, ეს დოკუმენტი, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრებად არ აღიარებს:
„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ინგლისური, მათ რომ ნდომოდათ დაეწერათ პოლიტპატიმარი იქ ეწერებოდა. აქ არ წერია პოლიტიკური პატიმარი და დოკუმენტიც პოლიტიკური პატიმრობის თაობაზე არაა. ის ეხება 450 ათას ადამიანს, 47 ქვეყნის მასშტაბით და საუბარია ამ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის არასწორ გამოყენებაზე. დოკუმენტი მძიმეა და ნუ დავამძიმებთ მას კიდევ უფრო მეტად, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. კონკრეტულად დასახელებულია, რომ ამ პირების მიმართ წინასწარი პატიმრობა და სხვა პროცედურული საკითხები არასწორად იქნა გამოყენებული. ჩვენ ეს პროცეურები უნდა გავასწოროთ ყველა თვალსაზრისით რათა გავხდეთ ევროპელები.
ის, რომ პროცედურული დარღვევებია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ ისაუბრა და ამას მყისიერად უპასუხა კიდეც სასამართლო სისტემამ. ისვე როგორც ეს უნდა ხდებოდეს ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სასამართლომ იმსჯელა და კონსტიტუციური ვერდიქტი აღდგა მათი კონსტიტუციური უფლების თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რომ არის დარღვევები და ამისთვის გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ არის პოლიტპატიმრობის თაობაზე. მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი, არა მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა, სადაც პოლიტპატიმრებზე არის საუბარი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






