საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მედიის დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც გადაცემა „არჩევანში“ გიორგი მარგველაშილმა განაცხადა, ის ელოდება ყველა პოლიტიკოსისგან, რომ მედიის დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერენ. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ეს სასამართლო პროცესებში ჩარევას არ გულისხმობს.
„თქვენს სტუმრების და მნიშვნელოვანი ეთერების ნაკლებობა არ გაქვთ. ეს მნიშვნელოვანი და ფასეულია ყველასთვის. „რუსთავი 2“, ისევე როგორც ნებისმიერი მედია ქართული საზოგადოების მონაპოვარია, რომელიც ჩვენ დაგვიცავს და რომელიც უზრუნველყოფს რომ საქართველოში დემოკრატია განვითარდეს. მე კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან დავა ეხება კომპანიის მეწილეებს. ეს დავა მიმდინარეობს სასამართლოში. თუმცა მოდით განვასხვავოთ. ერთია „რუსთავი 2“-ის საკუთრების საკითხები, რომელთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ და მეორე არის „რუსთავი 2“-ის ფუნქციონირება. „რუსთავი 2“, ისევე როგორც ნებისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესკომპანია. მისი საქმიანობის მომხმარებელი საზოგადოებაა. შესაბამისად, მაღალი ინტერესი, რომ ტელეკომპანია მუშაობდეს საზოგადოებაში, შენარჩუნებულია. ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად იმისა მოსწონს თუ არა რუსთავი 2-ის ტონი, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ მედიის დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იყოს. მე დღეს ყველა პოლიტიკოსისგან ველი, მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ეს სასამართლო საქმიანობაში ჩარევას არ გულისხმობს. თუ ვინმეს ოდესმე გაუჩნდება მცდელობა, რომ მედია შეზღუდოს და თუ ვნმეს არ ახსოვს ისტორია, თუ ვინმე ვერ ხვდება, რომ მაუწყებელი პოლიტიკოსისთვის მთავარი მოედანია, მაშინ ისინი სერიოზულ შეცდომაში არიან. იმედია ასე არ ხდება. თუ ვინმე გამოუცდელობით ფიქრობს, რომ ამაში რაღაც ტიპის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, ის თავის თავის წინააღმდეგ თამაშობს“, - ამბობს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილმა მედიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს წარსულს ახსენებს.
"ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს სწორედ რუსთავი 2-ს დაუდგა სირთულე. ამის შემდეგ უმაღლესი თანამდებობის პირობებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს, გენერალურ პროკურორს მოუხდათ თანამდებობის დატოვება. იმედის დახურვას გადაჰყვა საქართველოს მაშინ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურის საქართველოს პრეზიდენტის ვადა და პრეზიდენტ სააკაშვილი იყო
იძულებული იმიტომ, რომ მედიის საკითხები იქნა ხელშეხებული, ის გახდა იძულებული გადამდგარიყო,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






