საბურთალოს რაიონის გამგეობის განცხადებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობების წინააღმდეგ მედიაში მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს:
"მორიგი ცრუ ბრალდებები გამგეობების ხელმძღვანელი პირების მისამართით 4 ოქტომბერს სატელევიზიო ეთერით გასულ კიდევ ერთ სიუჟეტში გაჟღერდა. ამავე რეპორტაჟში ადგილი ჰქონდა ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას, მათ შორის საბურთალოს გამგეობის საქმიანობის შესაფასებლად ვაკის რაიონში ჩატარებულ ქუჩის გამოკითხვას.
რაც შეეხება გამგეობებში პრემიებისა და დანამატების გაცემის თემას, რომელზე აპელირებაც არა მხოლოდ მედიის, არამედ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერაც აქტიურად ხდება და ეს თემატური სინქრონი სხვა ეჭვებსაც ბადებს, გვსურს განვაცხადოთ, რომ როგორც პრემიების ოდენობა, ისე ადმინისტრაციული ხარჯები წინა წლებთან შედარებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული",-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013-2014 წლების ივნისში, ივლისსა და აგვისტოში გაცემული პრემიების ოდენობა 17%-ით, ანუ 20,000 ლარით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს; საახალწლო პრემიების სახით ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცემული თანხები კი 54%-ით ნაკლებია 2013 წელს გაცემულ პრემიებთან შედარებით. კერძოდ, ივნისი, ივლისი და აგვისტოს პრემია: 2013 წელს 119,085 ლარია გაცემული; 2014 - 117,660 ლარი, ხოლო 2015 წელს - 98,860. საახალწლო პრემიები კი 2013 წელს 171,800, ხოლო 2014 - 78,300 ლარია.
"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირებისთვის შემცირებული სახელფასო დანამატების ხარჯზე გაიზარდა საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებისათვის გაცემული დანამატების ოდენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას არ აყვნენ მსგავს პროვოკაციულ განცხადებებსა და დეზინფორმაციას, რომელიც აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ჩვენი მხრიდან კი ნებისმიერ ასეთ უსაფუძვლო ბრალდებას მყისიერად გაეცემა დასაბუთებული პასუხი",-აღნიშნულია საბურთალოს რაიონის გამგეობა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






