მთავრობა ავტოკატასტროფების რაოდენობის შესამცირებლად საგზაო უსაფრთხოების გეგმაზე მუშაობს, რომლის პრეზენტაცია "თბილისი მარიოტში" ამ წუთებში მიმდინარეობს.
პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებიან.
დოკუმენტი, სადაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური გეგმაა შედგენილი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ არის მომზადებული.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, შესაბამისი ღონისძიებები 2015-2020 წლებში გატარდება.
"საგზაო უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია ზოგადად მსოფლიოს, განსაკუთრებით საქართველოსთვის. ჩვენთან ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს. ჩვენ მსოფლიო ბანკის დახმარებით შევქმენით სპეციალური ჯგუფი, სადაც მსხვილი ექსპერტებიც მონაწილეობენ. შემუშავებულია სტრატეგია და ამ სტრატეგიის განხორცილებისთვის 5-წლიანი გეგმა, რომელშიც კონკრეტული ღონისძიებები იქნებაა გაწერილი“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






