_სამწუხაროდ ჩემი პროგნოზი არ არის ოპტიმისტური და არ მგონია ეს ვინმეს უხაროდეს.
_რატომ არ არის ოპტიმისტური და რა გაძლევთ ამის საფუძველს?
_არ არის ოპტიმისტური იმიტომ, რომ მთავარ საკითხებს თუ გავაანალიზებთ - მიგვიღებენ თუ არა ჩვენ ნატოში, მიხვდებით რომ გვაქვს სერიოზული პრობლემები.
არსებობს სამი კრიტერიუმი, რის გამოც ჩვენ ნატოს წევრი გავხდებით? პირველი ეს გახლავთ, საშიანო დავალება, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ნატო და რომელიც ეხება ჩვენს ჯარს. მეორე ეს არის საერთო დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში და მესამე არის პოლიტიკური ნება. დავიწყოთ საშინაო დავალებით, ჯარის რეფორმებთან დაკავშირებით. ის მთავარი საკითხები, რომელიც 2012 წლამდე ჩვენი ხელისუფლების წინაშე იდგა და რომელიც ეტაპობრივად, ფორსირებულად გვარდებოდა, სამწუხაროდ ახალმა ხელისუფლებამ გადადო და ძალიან ბევრი საკითხის დასაწყისიდან კეთებას შეუდგა.
აბსოლუტურად დაუმსახურებლად, სამსახურებიდან გაუშვეს ხალხი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანები ნატოს დელეგაციების ყველა შეფასებაში იღებდნენ ძალიან მაღალ ქულებს, ანუ საქართველო იღებდა მაღალ შეფასებას. მათ მაგივრად მოიყვანეს ახალი ხალხი, რომლებიც ყველაფერს ახლიდან სწავლობენ და ზოგი ვერც ისწავლის. საშინაო დავალება მხოლოდ ფურცელზე არ წერია, ჩვენი ჯარი უნდა იყოს ნატოს სტანდარტების. აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, თუ როგორ აფასებს ნატო - რა არის ფურცელზე დაწერილი და რა არის რეალობა. ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში არ სხედან შტერი ოფიცრები, ეს არის გამოცდილი ჯგუფი, რომელიც კარგად კითხულობს რა წერია ფურცელზე და რა არის რეალობა. ახალი ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვან რაპორტებს აგზავნის ბრიუსელში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრიუსელი ინფორმირებულია იმის შესახებ თუ როგორ იქნა დაკავებული პოლიტიკური დაკვეთით, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიგი კალანდაძე, გამთენიისას 5 საათზე საპირფარეშოსთან. ეს ერთი პრობელმა. რაც შეეხება საერთო დემოკრატიულ რეფორმებს. გუშინდელი სტრასბურგის გადაწყვეტილებას თუ გავისხენებთ, ვფიქრობ რომ გონიერი ადამიანი უნდა ხვდებოდე თუ რამხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე. საქართველო რუსეთთან ერთად მოიხსენიეს ქვეყანად, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების კუთხით. მარტივად რომ ვთქვათ, სტრასბურგმა დაადასტურა პოლიტიკური დევნა საქართველოში, ეს არის ძალიან მძიმე შედეგი. სანამ ევროპაში კარებს არ მიგვიხურავენ, პრობლემას მანამდე უნდა მივხვდეთ.
_ის ვითარება, რომელიც დღეს საქართველოში მედიასთან მიმართებაშია, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირების გზაზე?
_შეტევა მედიაზე არის მეორე უმძიმესი ფაქტი, რომელიც ბუნებრივია, ნატოში ინტეგრაციაზე ზეგავლენას ახდენს. ის, რაც რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხდება, სავარაუდოდ ეს პროცესი არ შეწყდება ახლო მომავალში და ეს ორი ფაქტორი უკვე არის სკეპტიციზმის საფუძველი.
_საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ საქართველო აღარ დგას დღის წესრიგში...
_აღიარა პრეზიდენტმა, დიახ, რომ ჩვენ აღარ ვდგავართ დღის წესრიგში. ალიანსში არიან ქვეყნები, რომელიც ნატოში ჩვენს მიღებაზე სკეპტიკურად არიან განწყობილი და არიან ქვეყნები, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ საქართველო გახდეს ალიანსის წევრი. იმისათვის, რომ დაგვერწმუნებინა სკეპტიკოსები, ჩვენ ყოველთვის ვიყენებდით ყველაზე დიდ რესურს, ჩვენი პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ზოგჯერ გამოგვდიოდა, ზოგჯერ არა, მაგრამ ვაკეთებდით. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი და თითოეული ნაბიჯი იყო მნიშვნელოვანი. დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა უკრიანაზე, ისაუბრა სხვა პრობლემებზე და საქართველოზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. ასე, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა სკეპტიკოსების დასარწმუნებლად, ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს იყო ახალი ხელისუფლების დიდი შეცდომა, როცა ჩვენ გამოგვიყვანა უკრაინასთან წყვილიდან, რომელშიც ჩვენ ყოველთვის ვიყავით. ნატოს კარზე ერთად ვაკაკუნებდით და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ჯაჭვი გაწყვიტა და ჩვენ დავრჩით მარტო.
ეს სამი ფაქტორი ყველას უნდა ესმოდეს. მე ვცდილობ მარტივად ავხსნა, თუ რაზეა დამოკიდებული ჩვენი ნატოში ინტეგრაცია. სამი ფაქტორი - ჩვენი საშინაო დავალება - რეფორმები ჯარში, ფართო დემოკრატიული რეფორმები და პოლიტიკური მხარდაჭერა. სამივეში გვაქვს პრობლემა.
მასალის გამოყენების პირობები






