შესაბამისად, ოლიგარქის გარშემო შემოკრებილმა პოლიტიკოსებმა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მათივე თქმით, ,,ნაციონალური მოძაობის“ 9 წლიანი „რეჟიმი“ დაასრულეს.
„ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, დაპირისპირება პრეზიდენტთან, ყოფილი მაღალჩინოსნების სკანდალური დაჭერები, საპროტესტო აქციები, საყოველთაო ამნისტიები, გარღვეული ბიუჯეტი და ეკონომიკური კოლაფსი, ნაბიჯები ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და მცოცავი ოკუპაციის ფონზე, ურთიერთობის გაღრმავება ოკუპანტ რუსეთთან“- ეს ის თემებია, რომლებიც ლაიტ-მოტივად გასდევს "ოცნების ხელისუფლების" საქმიანობის სამი წლისთავს.
ივანიშვილის უმრავლესობით მოსულმა გუნდმა ზუსტად 2 წელიწადში დაკარგა მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობა. გასულ წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები ამის ნათელი მაგალითია. საქართველოს დიდ ქალაქებში მერები მხოლოდ მეორე ტურის შედეგად აირჩიეს.
მანამდე იყო, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადაბარგება, ოლიგარქმა საქართველოს გასაღები 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილს ჩააბარა. მთავრობის ახალ მეთაურს, მალე ახალი პრეზიდენტიც მოჰყვა. ივანიშვილმა ნდობა ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს გამოუცხადა. თუმცა, დღეს მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი ივანიშვილისგან ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს.
ბიძინა ივანიშვილის ღია ბრძოლის შემდეგ მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ბანაკად იქცა.
მესამე სექტორში ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას სახელწიფო ინსტიტუტების უპატივიცემლობად აფასებენ.
„ქართული ოცნების“ მმართველობის სამი წლისთავზე საქართველოს მთავარ პრობლემად ჩრდილოვანი მმართველობა სახელდება.
არასამთავრობოების შენიშვნებს ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს არა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, არამედ სახელმწიფო უწყებები იღებენ.
„ნიუპოსტმა“ "ოცნების ხელისუფლების" საქმიანობის შეფასება პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მთავარ მსაჯულს - ამომრჩეველს სთხოვა.
„1 ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება!“ - ასეთია ვიცე-პრემიერ კახი კალაძის შეფასება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლიან პერიოდზე. შეფასება ერთგვაროვნად დადებითია.
„ეს დღე მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღედ, როდესაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შეძლო, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან. ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებით“ - განაცხადა კალაძემ.
თავადაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კი გვარწმუნებს, რომ დღეს „უკეთეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ!“
უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური კი აცხადებს, რომ ოცნების მთავარი მონაპოვარი სიტყვის თავისუფლება.
„სამი წლის წინ ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ხალხი 9 წლიანი ტერორისგან ვიხსენით“- უთხრა „ნიუპოსტს“ პარლამენტის წევრმა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქმედებს ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა. ბიძინა ივანიშვილის გუნდს დაპირებები, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა, არ შეუსრულებია. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ მეოთხე წელი საუკეთესო იქნებოდა, თუმცა ხედავთ, რომ უარესობაა. ჩვენს ქვეყანაში კორუფცია ყვავის. კარგი რაც კეთდება, კეთდება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ოცნების ხელისუფლების წარმატებად ნეპოტიზმი ითვლება.
2012 წლამდე ჩვენ მუდმივად დადებითი მიგრაციული მაჩვენებელი გვქონდა, ანუ, უფრო მეტი ადამიანი ჩამოდიოდა, ვიდრე გადიოდა. ეს პროცესები შეიცვალა“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
„ქართულმა ოცნებამ ვერცერთი დეაპირება ვერ შეასრულა და ხელისუფლების მიერ საუკეთესოდ წოდებულ მე-4 წელს მმართველი გუნდი იწყებს გაუფასურებული ლარით, გაზრდილი ტარიფებით და მედიაზე ზეწოლით“- ამ შეფასების ავტორი ენმ-ს წევრია.
სერგო რატიანის შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად დაინგრა, მოსახლეობა გაღარიბდა, არის სერიოზული კლება ტურიზმში, ექსპორტ-იმპორტში.
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები კვლავ პოლიტიკური გავლენის ქვეშ არიან.
"დაპირების მთავარმა ავტორმაც აღიარა, რომ ეს წელიწადი იქნება რთული და დაძაბული და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე. სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზება არ ხდება და ასევე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის გაუარესება, რომელიც შეინიშნება მედია პლურალიზმის კუთხით“- თქვა პეტრიაშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ქართული ოცნების მმართველობის 3 წლისთავზე გაუარესებულია საერთაშორისო მდგომარეობა, მედიის ვითარება, ეროვნული ვალუტა, ამასთანავე საქართველო გაქრა მსოფლიოს და დასავლური სამყაროს ყურადღების ცენტრიდან“
ახალი მემარჯვენეების წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით ის 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ძნელად იხსენებს ისეთ ფაქტს, რაც შესაძლოა ქართული ოცნების აქტივად ჩაიწეროს:
"2012 წლის პირველი ოქტომბრის მერე ძნელად ვიხსენებ რაიმე ისეთს, რაც შეიძლება ქართული ოცნების აქტივად ჩაიწეროს, ეს ყველაფერი კი პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის დაბალი დონით და გადაწყვეტილების მიღების ის ფორმა გახდა, რასაც მათ მიმართეს"- აცხადებს კაციტაძე.
საექსპერტო წრეების შეფასებას რაც შეეხება, პოლიტოლოგები და ექსპერტები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს.
როგორც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, „ოცნებას“ ერთადერთი ფუნდამენტური მონაპოვარი აქვს და ეს „რეჟიმის“ პირობებიდან გამოსვლაა.
„დღევანდელი ხელისუფლება უფრო ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებულია ვიდრე წინა. მმათველ გუნდს ნეგატივიც ძალიან ბევრი აქვს. სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარების კუთხით ქვეყანა წინ არ წასულა. ბევრ სფეროში უკუსვლა გვაქვს. ძველი ბიჭი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ, ასეთებს ნაციონალური მოძრაობის მეთოდები მოსწონთ იარაღით კი რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლება სხვებს ატერორებდა, ესენი საკუთარ თავს იზიანებენ“- განაცხადა ხუხაშვილმა.
თორნიკე შარაშნიძე კი „ოცნების ხელისუფლების“ ორ მთავარ ჩავარდნას ასახელებს.
„ეკონომიკა და აშკარად გაზრდილი კრიმინალი“- უთხრა „ნიუპოსტს“ შარაშენიძემ.
„მუშაობს თუ არა ოცნება და გაამართლა თუ არა ხალხის იმედი ხელსისუფლებამ? - ამ კითხვით ნიუპოსტი თბილისის ქუჩებში გავიდა.
მოსახლეობის განწყობას 75 წლის გარემოვაჭრის სიტყვები სწორად გადმოსცემს.
„ოცნებას კაცი არ მოუკლავსო - ოცნება ნელ ნელა გვგუდავს“.
ბოლოს, ნომერ პირველი მეოცნების ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
“პირველი წელი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეებზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი...“
ზუსტად ერთ წელიწადში კვლავ არჩევნებია. მოსახლოობა საარჩევნო ყუთთან მთავარ კითხვას გასცემს პასუხს : - აუხდა თუ არა „ქართული ოცნება“.
დავით ჯაბაშვილი
"ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






