„ნიუპოსტის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა მარგველაშვილმა 2018 წელს ხელმეორედ იყაროს კენჭი, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
„როცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს, აქტიურ პოლიტიკაში დავრჩებიო მან მოახდინა ფაქტის კონსტანტაცია. რომ ეთქვა, არ ვარ პოლტიკაში ვინმე დაიჯერებდა? ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად არის პოლიტიკაში და იქნება მინიმუმ მანამ, სანამ პრეზიდენტია. საკმაოდ დიდი ხანია საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე“- განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი ხელისუფლების წევრთა შეფასებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „მარგველაშვილი ქართველმა ამომრჩეველმა ბიძინა ივანიშვილის ხათრით აირჩია“ და აღნიშნა: "რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, პარლამენტს და მათ შორის მინისტრის სავარძელს რიგი პოლიტიკოსები ვერასდროს მოირგებდნენ."
„ყოველთვის ასეა, ვიღაცას ვიღაცის ან ვიღაცების ხათრით ირჩევენ ხოლმე. უკაცრავად, პარლამენტი ვისი ხათრით აირჩიეს? დღეს დიდი შემართებით რომ გამოდიან და პრეზიდენტისკენ იშვერენ ხელს. ვისი დამსახურებით მოხვდნენ ის ვაჟკაცი ბიჭები საკანონმდებლო ორგანოში ზუსტად სამი წლის წინ? მარგველაშვილი არ უარყოფს, რომ მის გაპრეზიდენტებაში, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ ერთია, პიროვნული ვალდებულებები და მეორეა ვალდებულება, რომელიც მარგველაშვილს ამომრჩევლისა და სახელმწიფოს წინაშე აკისრია. სახელმწიფო ინტერესები და კონკრეტული პიროვნებისადმი ვალდებულება არათანაბარზომადი რაღაცაა. ვთვლი, რომ მარგველაშვილი პოლიტიკურად ძალიან ჯანსაღად იქცევა. რაც შეეხება ივანიშვილთან ურთიერთობას, ეს არ იყო სააშკარაოზე გამოსატანი საკითხი“- დასძინა გია ხუხაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი აშშ-ში გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირეს.
"მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები. მუდმივად საუბარია შეზღუდულ უფლებებზე, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა პარლამენტში არის ძალიან დაბალი, მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, რადგან მე მეძლევა შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში და პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელსაც მე ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში" - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






