ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" წევრებმა, ხელისუფლება და მმართველი კოალიცია გასაიდუმლოებულ, საეჭვო გარიგებებში დაადანაშაულეს.
განცხადებები ამის შესახებ, გუშინ ლანჩხუთში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა, რომელიც ფრაქციამ "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" ადგილობრივი მედიისათვის გამართა.
ფრაქციის წევრების ინფორმაციით, ჩრდილო ოსეთში დაფუძნებულმა კომპანიამ „ვლადნეფტპროდუქტი“ საქართველოში ორმილიონნახევრიან ტენდერში გაიმარჯვა.
ტენდერის მიხედვით, იგი აწარმოებს ნაპირსამაგრ სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში.
„საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია საქართველოში დარეგისტრირდა 2015 წლის 17 აგვისტოს, ტენდერი კი გამოცხადდა აგვისტოს ბოლოს. სულ რამდენიმე დღე არის ამ კომპანიის მიერ საქართველოში დარეგისტრირებას, ტენდერში მონაწილეობას და გამარჯვებას შორის. როგორც ცნობილია, კომპანიას ოფისი არ გააჩნია. საეჭვოა ის ფაქტი,რომ ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობს ორმილიონნახევრიან ტენდერში, მისი ოფისი იყოს ფიზიკური პირის კონკრეტულ მისამართზე. ეჭვების გასაქარწყლებლად ჩვენ მივწერეთ გამგეობას, რომ ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა. გვაინტერესებდა რა ანალოგიური სამუშაოები ჰქონდა ჩატარებული მას და რა გამოცდილებით სარგებლობდა იგი, ასევე რა კრიტერიუმებით გამოვლინდა ეს კომპანია გამარჯვებულად. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამ საეჭვო წარსულის მქონე ორგანიზაციის უკან, რომლის შესახებაც ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, იმალება რაღაც საეჭვო გარიგება და თუ არ იმალება, მაშინ რატომ მალავენ ინფორმაციას“, - განაცხადა ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" წევრმა კახა ასკურავამ.
აღნიშნული ფრაქცია ლანჩხუთის საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა და მასში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებია გაერთიანებული, მისი ხელმძღვანელი კი "თავისუფალ დემოკრატთა" ყოფილი ადგილობრივი ლიდერი, ელგუჯა ჩხაიძეა.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






