ცნობილი ბრიტანელი მსახიობი რალფ ფაინსი თბილისში ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლების ასოციაციის მოწვევით იმყოფებოდა. საქართველოს დედაქალაქში 22-26 სექტემბერს მოსკოვისა და თბილისის სკოლების ერთობლივი კონფერენცია „Sapere Aude” ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებმა ხუთი დღის განმავლობაში იმსჯელეს სამართლის, ადამიანის უფლებებისა და თანამედროვე მსოფლიოს აქტუალურ საკითხებზე. კონფერენცია მერაბ მამარდაშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციის ფარგლებში რალფ ფაინსმა თავისი რეჟისორული ნამუშევარიც აჩენა, ფილმის შინაარსი ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას შეეხება.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებლის არმაზ ახვლედიანის განმარტებით დახურულ რეჟიმში შეხვედრების ჩატარება ამ სკოლის ერთ-ერთი პრინციპია, რაც თავისუფალ დისკუსიას უწყობს ხელს.
„ჩვენის სკოლები იმ თავითვე შეიქმნა იმ აზრით, რომ ყველაფერი რაც იქ ხდება არის დახურულ რეჟიმში იმიტომ რომ თავისუფალი დისკუსიისთვის იყოს მეტი შესაძლებლობა. არაჩვეულებრივი ბრიტანელი მსახიობის სტუმრობაც მთლიანად ჩაეწერა ამ ფორმატში, თანაც მისი სურვილიც იყო, რომ ეს ყველაფერი დარჩენილიყო მედიის ყურადღების მიღმა“- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა P.S- თან საუბარში.
კონფერენციის გარდა მსახიობი თავისი სურვილით ეწვია სუხიშვილების სტუდიას, მარჯანიშვილის და რეზო გაბრიაძის თეატრებს.
მასალის გამოყენების პირობები






