„მთავარი პოსტულატი, რასაც ჩვენ ვეყრდნობოდით იყო ის რომ ხმების პროცენტული რაოდენობა ადეკვატურად ასახულიყო არჩევით ორგანოში. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე რომ ეს შეთანხმებები არ ყოფილა ოპოზიციურ რვიანში ან ექვსიანში აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის მცდელობა, რომ გაექცნენ პასუხისმგებლობას და იმ პირობას, რაც თავის დროზე საზოგადოებას მისცეს.“- განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
უმრავლესობის წევრებს სიცრუეში ადანაშაულებს „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამაუკა კაციტაძეც
„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გარკვეული პირები უარყოფენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ითხოვდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ან ამ ადამიანებმა არ იცოდნენ რისთვის შიმშილობდნენ, ან არა და დღეს იტყუებიან იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არიან და ამ სისტემის მეშვეობით მანდატების მოპარვა სურთ,“ - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიცია მუდმივად აყენებდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხს
„ეს არის ტყუილი, რადგან დიდი რვიანი ფორმატში და არა მარტო ამ ფორმატში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საარჩევნო სისტემის შეცვლა და რეგიონალურ-პროპორციულზე თუ წმინდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ახლა ეს ტყუილი სჭირდება იმისთვის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება თვლის, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ეს არის მათთვის დამატებითი პლიუსი იმისთვის, რომ შეძლოს საბოლოო წარმატების მოპოვება ხმების რაოდენობის თვალსაზრისით,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






