ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს უთანაგრძნობს.
ამის შესახებ ელჩის სამძიმარშია ნათქვამი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
"ძალიან დამწუხრებული ვარ რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვით და სერჟანტ პაატა როსტობაიას დაშავებით ავღანეთში, ნატოს "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში სამსახურისას. ჩემი ქვეყნის სახელით ვუთანაგრძნობ რიგითი ყულჯანიშვილის ოჯახსა და მთელ ქართველ ხალხს. სერჟანტ როსტობაიას კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რიგითი ყულჯანიშვილისა და სერჟანტ როსტობაიას სიმამაცე და მსხვერპლი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერად იმ ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც თავისი მეგობრებისა და ძმების - ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ესაა ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. რიგითი ყულჯანიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება", - ნათქვამია ელჩის სამძიმარში.
მასალის გამოყენების პირობები






