თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს უსამძიმრებს.
როგორც ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განმარტა, შემთხვევა პატრულირების დროს მოხდა.
„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მათთან ვიყავით და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ იშვიათად მინახავს ახალგაზრდა დედა, რომელსაც შვილის სიკვდილის შესახებ აცნობეს და რომელიც ასე გმირულად შეხვდებოდა ამ ამბავს. ყველას მინდა მივმართო იქ აბსოლუტურად არაფერი ხდება, ეს შემთხვევა მოხდა პატრულირების დროს, ეს არ ყოფილა არც ბაზაზე თავდასხმა და არც რაიმე მსგავსი,“ - განმარტა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება დაჭრილ სამხედროს, ხიდაშელის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულიჯანიშვილი დაიღუპა. პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია.
მასალის გამოყენების პირობები






