დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი და ზვიად ტომარაძე საქართველოს კანონიდან ტერმინების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ამოღებას ითხოვენ. ამ შინაარსის საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში უკვე მოხდა.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები უნდა შევიდეს რამდენიმე კანონში.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის წარდგენის მიზნად ავტორები ასახელებენ საქართველოს კანონშიდისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ არსებული ტერმინების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ამოღებას.
კანონპროექტში ხაზგასმით წერია, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, აქვე ნათქვამია, რომ შესაძლოა კანონის პროექტმა გავლენა მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
"საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების სერიოზული დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს. „სექსუალური მარავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდო ღირებულებები საზიანოა საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი პლანეტის ძირითადი რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფსევდოღირებულებების დანიშნულებაა ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი საფუძვლების განადგურება. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო ტენდენციებს. იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც საქართველოში ისედაც დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის გვთავაზობს და ხელს უწყობს არა მარტო ამორალურ, არამედ კონტრპროდუქტიულ, საკამათო ქცევასა და მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ ქვეყანას ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა.
კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება, რომელთა რიცხვში ქართული კულტურა და ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს.
კანონპროექტს ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად სავარაუდოა," - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც ზვიად ტომარაძემ მოამზადა, მისი ინიცირება კი პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანმა დღეს მოახდინა.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






