დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოების განწყობაზე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსები მცოცავ ანექსიას ყოველდღიურად ახორციელებენ.
„რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ არ არსებობს 2008 წლის განმეორების საფრთხე. თუმცა, თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, თუ მსოფლიო ხელს არ შეუშლის თავისუფლების ექსპანსიას, მაშინ წააქეზებს რუსეთს აგრესიულ ნაბიჯების განხორციელებისკენ“, - აცხადებს ხიდაშელი.
კითხვაზე, თუ რას გააკეთებს ომის განახლების შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი პასუხობს:
„აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: გმირებად დავიღუპოთ. თუმცა, მაინც არსებობს კითხვები. შეუძლია თუ არა მსოფლიოს რამე დადებითის გაკეთება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მარტო საქართველოს ტრაგედია. რუსეთს შერჩა 2008 წლის საქართველოს მოვლენები და შემდეგ მივიღეთ უკრაინა. თუ ახლა რუსეთს შერჩება უკრაინაში განხორციელებული უკანონობა და თუ ნატო მკაფიოდ არ განაცხადებს, რომ ისინი არ შეეგუებიან მსგავს ფაქტებს, რუსეთი არ შეჩერდება“, - ამბობს ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






