საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს, 17:00 საათზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განიხილავენ რამდენიმე საკითხს - საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის; სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები; „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.
მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.
საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგენს.
საბჭოს ინფორმაციითვე, საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის მუხლი 38 ის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბერისა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






