განცხადების თანახმად, 13 ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მათ შორის ორგანიზაცია "დავიცვათ ევროპის მემკვიდრეობა", საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს წერილით მიმართეს.
წერილის ადრესატები ასევე არიან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილი , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრები და თბილისის მერი დავით ნარმანია.
"მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნულ წინადადებაზე უარი ითქვას და თბილისის ისტორიული უბნები დაცული იყოს მშენებლობისგან" - ნათქვამია წერილში.
„2015 წლის ივლისში ქართველ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს ფართომასშტაბიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის უფლება მიენიჭა. პამორამა შედგება ორი კოშკისა და მრავალსართულიანი ტერასების სერიისგან. პროექტი დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონს იმის შესახებ, რომ ეროვნული პარკები დაცული უნდა იყოს და მშენებლობაც აკრძალულია“ - ნათქვამია განცხადებაში
ხელმომწერთა განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დედაქალაქში განხორციელებული ახალი სამშენებლო პროექტები ჩრდილავენ მის ისტორიულ ნაწილს და თუკი თბილისი ისტორიულ იერს დაკარგავს, ის ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება.
წერილში თბილისის ისტორიული უბნის მნიშვნელობასა და უნიკალურ ლანდშაფტზეა საუბარი.
„თბილისი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად საფრთხის ქვეშაა" - აღნიშნავენ ხელმომწერები და დასძენენ, რომ წერილის ასლი „იუნესკოსაც“ გადაუგზავნეს.
საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის წევრებს, დაიცვან ქალაქის ისტორიული ნაწილი.წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქის ისტორიული უბანი განადგურდება.
პრეს-რელიზი 18 სექტემბრით თარიღდება.



მასალის გამოყენების პირობები






