"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოპოზიციის ლიდერ გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრებას აფასებენ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქარაძე ამბობს, რომ 24 საათის წინ ოპოზიციამ მოიგო ბრძოლის ერთი რაუნდი, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც დასრულდება დღევანდელი ხელისუფლების შეცვლით.
„ჩვენ ველოდით ამ განაჩენს. ველოდით, როდესაც წინასწარ ხდება დაანონსება პოლიტიკოსების მხრიდან, როცა წინასწარ ხდება სპეცრაზმის მობილიზება, როდესაც 120 ტომიან საქმეს ეცნობა მოსამართლე 3 საათში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს არ აძლევენ დასკვნითი სიტყვის უფლებას, დღეს სასამართლომ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. ეს გააკეთა იმ ფორმით, რომლითაც ძირი გამოუთხარა სასამართლო ინსტიტუტს და იმ ნდობას, რომელიც ჩნდება ამ ინსტიტუტის მიმართ და უარი თქვა ყველა ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებზე რაც უნდა დაიცვას ნებისმიერმა თავმოყვარე მოსამართლემ. ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილება იყო ცალსახად პოლიტიკური პროცესი,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის განცხადებით ისინი პირველივე არჩევნებზე ქართულ ოცნებას დაამარცხებენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის აზრით კი პრეზიდენტს აქვს შანსი თვითონ შეაფასოს მოცემული ვითარება გადაწყვიტოს როგორ უნდა მოიქცეს, რადგან ის არის კონსტიტუციის გარანტი.
"კონსტიტუცია დაირღვა, გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი, ის ერთი დღეც არ გააჩერეს, დაიჭირეს. შესაბამისად პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს ქვეყნის მომავალზე და საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე" - განაცხადა რატიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომლებიც დაინტერესდნენ მიმართავენ თუ არა თბილისის ყოფილი მერის თანაგუნდელები პრეზიდენტს გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "მთავრობა არჩევნებამდე ვერ მიაღწევენ".
რაც შეეხება გუშინ დამდგარ განაჩენს, დეპუტატი მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მოსამართლემ დაწერილი გადაწყვეტილება გამოაცხადა.
"გიგი უგულავა იყო ივანიშვილის პირადი პატიმარი. ის, რომ გიგი უგულავას გამოგონილი ბრალდებით დაიჭერდნენ ეს ყველამ ვიცოდით. ეს აბსურდული ბრალდებაა. ჩხიკვაძე არის ის მოსამართლე რომელიც გახდა მძევალი მთავრობის მას შემდეგ, რაც ის ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. ეს ხელისუფლება არ ფიქრობს არაფერზე, არც ლარზე, არც ქვეყნის ერთიანობაზე, არც საზოგადოების უსაფრთხოებაზე მათი მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ოპონენტების გაჩერება. გიგი უგულავა არ არის მათი ბოლო მარცხი. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. იმდენ შეცდომას უშვებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომ ასე ისინი არჩევნებამდე ვერ მივლენ,"- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერს გიგი უგულავას თბილსერვისის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმის გამო, რომ რამდენიმე მუხლი ამნისტირებულია უგულვას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






