"გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ატომურ ომზე საუბრობს, ჩვენ ჩვენს უფლებას, რეალურად ვაქციოთ ატომური იერიში ამ ქვეყნის "შტაბ-ბინაზე", სისრულეში მოვიყვანთ. ეს ყოველივე ჩვენი ინტერესების დასაცავად არის აუცილებელი", - აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის საგარეო სამინისტროს ოფიციალურ მიმართვაში.
"ჩრდილოეთ კორეა ატომური პოტენციალის მქონე სრულფასოვან ქვეყნად ითვლება. ამერიკელი იმპერიალისტები პრევენციულ დარტყმის უფლებაზე მონოპოლიას არ ფლობენ. ისინი ჩრდილოეთ კორეის დაშინებას, სამხრეთ კორეაში სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის განლაგებით ცდილობენ", - აღნიშნავს ჩრდილოეთ კორეის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი.
ფხენიანმა კვლავ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ატომური იარაღის გამოცდას გეგმავს, ეს კი აშშ-ს მხრიდან ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში გამკაცრებული სანქციების საპასუხოდ მოხდება. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კორეა არ ფლობს საკმარის რესურსებს შეერთებულ შტატებზე ატომური იერიშის მისატანად.
სამშაბათს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან 1953 წელს მიღწეულ შეთანხმებას დაარღვევს, თუ ეს ქვეყანა აშშ-სთვის სამხედრო წვრთნებში ხელის შეწყობას არ შეწყვეტს. ფორმალურად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა დღესაც იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ: 1953 წელს, სამწლიანი კონფლიქტისა და ომის შემდეგ, მათ შორის ფორმალური საზავო ხელშეკრულება დაიდო, თუმცა, მშვიდობიანი ხელშეკრულება ოფიციალურად არ სცნეს.
მასალის გამოყენების პირობები






