პარლამენტის თავმჯდომარე მევენახეების აქციასთან დაკავშირებით პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებით დაინტერესდება. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პრემიერმა შს მინისტრს გიორგი ღვინიაშვილის მოშორება დაავალა.
„არ მგონია, რომ პრემიერს ეს ეთქვას. მე ასე არ ვთვლი და ასე არ წამიკითხავს, თუმცა თქვენი განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დავინტერესდები, თუ თქვა თუ არა პრემიერმა, რომ ღვინიაშვილი აქედან მოაშორეთო. ზოგადად, არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ ერთმანეთს ან პროვოკატორი ვუწოდოთ ან რაიმე სხვა. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ სწორედ პრემიერის პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სიტყვა "პროვოკატორი" არის ხოლმე ყველაზე რბილი სიტყვა, რომელიც მის მიმართ არის ნათქვამი. ასე რომ, თუ სიტყვებზე ვსაუბრობთ, ყველას მოგიწოდებთ, რომ კორექტულები ვიყოთ ერთმანეთთან მიმართვის დროს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პრემიერი მევენახეების პროტესტს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართულ პროცესს უწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალები“ პროვოკაციული ქმედებების განსახორციელებლად გლეხების გამოყენებას ცდილობენ.
იგი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყურძნის ჩაბარების ადგილიდან „პროვოკატორები მოაშორონ“.
მასალის გამოყენების პირობები






