ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, გურიაში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა მიწებზეც ავტობანმა უნდა გაიაროს, ნაკვეთების სანაცვლოდ ადეკვატურ ფასს სთავაზობენ. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი განმარტავს, ქვეყანაში დადგენილი სასოფლო სამეურნეო მიწის ნომატიული ფასი 10 თეთრია, სახელმწიფო კი მათ 30-ჯერ მეტს უხდის. ამასთან მინისტრი განმარტავს, რომ აღნიშნულ მიწებზე შენობებისა და ნარგავების ფასი ცალკე დაიანგარიშება.
"მათ უნდათ დიდი ფულის გადახდა იმაში, რაც ამდენი არ ღირს. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რითი შეიძლება შეფასდეს საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში ამა თუ იმ პროდუქციის: მიწის, თუ შენობის ფასი. საერთაშორისო წესია და ლოგიკაც ამაშია მხოლოდ, აიღეთ საჯარო რეესტირდან ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ადგილებში გაყიდული მიწის ფასი, თუ გნებავთ შარშანდელი, შარშანწინდელი, ან დღეს რამდენად გაყიდიან. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ამ ადმაიანებმა, რომლებიც ასე გამწარებულები არიან დღეს, იმიტომ რომ უნდათ მათი წარმოდგენით ობიექტური შეფასება, რომ 30-დან სულ რამდენიმე ნაკვეთია მანდ გაყიდული მაქსიმუმ 70 თეთრად. ქვეყანაში დადგენილი სასოფლო სამეურნეო მიწის ნომატიული ფასი არის 10 თეთრი და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ნორმატიულზე 30-ჯერ მეტს ვიხდით და რეალურ საბაზრო ფასზე 8-10 ჯერ მეტს, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დოლარში რომ გადაყავთ, დოლარს კი არ უნდა მიუსადაგო, რეალურ ფასს უნდა მიუსადაგო. ეს საშუალოდ არის 30 თეთრი, რამდენიმე ნაკვეთი შეიძლება გაყიდული იყოს 50-დ, ერთი შეგვხვდა მხოლოდ რომელიც 70 თეთრად იყო გაყიდული.
როდესაც საუბარია იმაზე, რომ მათ მრავალწლიანი ნარგავები აქვთ, ავუხსენით კარგად, რომ ყველაფრის ფასი ცალ-ცალკე გადაიხდება. როდესაც სახლზე ან რაიმე შენობაზეა საუბარი, ის ფასდება, იმის მიხდევით, თუ რამდენად შეიძლება მისი აშენება დღევანდელ პირობებში. შეიძლება ათეულ ათასები იყოს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა არაერთხელ მქონდა და მეთანხმებოდნენ, რომ ეს ფასი სრულიად ადეკვატურია და ცოტა უფრო მეტი",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მინისტრმა არაადეკვატური ფასის მოთხოვნის მაგალითად დაბა სტეფანწმინდასთან მდებარე გერგეთის სამებამდე მისასვლელ გზასთან მდებარე მიწის ნაკვეთები მოიყვანა.„ახლა გადაწყვეტილი გვქონდა, რომ გერგეთის სამებამდე გაგვეყვანა გზა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოებისა და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისა. დადგა საკითხი, რომ 34 ლარი გადაგვიხადეთ, ბატონო, კვადრატულ მეტრ მიწაშიო. ეს არ უღირს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არ უღირს საქართველოს ბიუჯეტს. მიიყვანენ საქმეს იქამდე, რომ იმ გზას არ გავაკეთებთ საერთოდ. ნიშნს კი არ მოვუგებ არავის ამით, მაგრამ იცოდეთ, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ქვეყანას, ყველაფერი უღირს რაღაც ფასად. მე თუ გერგეთის სამებამდე მისასვლელი გზა მილიონები დამიჯდა, გარდა იმისა, რომ გზა უნდა გაკეთდეს თავისთავად, მაშინ მოვიცდით ცოტა ხანი მანამდე, ვიდრე ადამიანების აზრი მივა იქამდე, რომ არ შეიძლება მთელი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე უცებ მოინდომო გამდიდრება“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
გერგეთის ტაძრამდე გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის აპრილში ბიზნესმენებთან შეხვედრისას ისაუბრა. პრემიერის თქმით აღნიშნული პროექტი წელს არის დაგეგმილი და სხვა განსახორციელებელ პროექტებთან ერთად აღნიშნული გზა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული ტურირტული პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






