6 სექტემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საიუბილეო საღამო "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა გახსნა. გაიმართა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
ღონისძიებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან 3500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. იყვნენ გურიიდან და მათ შორის ლანჩხუთიდან მიწვეული სტუმრებიც.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან დედაქალაქში გამგზავრებულმა რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყო გამგებელი ზაზა ურუშაძე და გამგეობის კულტურის წარმომადგენლები, თან გააყოლეს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი "მხედრები". ჩოხაში გამოწყობილ ანსამბლის წევრებს აუხსნეს, რომ საიუბილეო გახსნაზე მათ უნდა ემღერათ, ისე რომ, ეს შეთანხმებული არ იყო ორგანიზატორებთან.
კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მიერ მიღებულ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას კი საკმაოდ უხერხული გაუგებრობა მოჰყვა. საღამოზე, "მხედრებს" სიმღერის შესრულების უფლება არ მიეცათ. გამომდინარე იქედან, რომ ორგანიზატორებთან ეს ყველაფერი შეთანხმებული არ იყო. უფრო მეტიც, ქალბატონი მანანა ღოღობერიძე, რომელიც საიუბილეო საღამოს საორგანიზაციო საქმეებს ხელმძღვანელობდა აცხადებს, რომ მათ მსგავსი შეთავაზება ლანჩხუთის კულტურის ცენტრისთვის არ ჰქონიათ და არც მომღერლების ჩაყვანა უთხოვია ვინმეს.
"არ ვიცი, ვისი გადაწყვეტილებით და ინიციატივით მოხდა საღამოზე გუნდის ჩამოყვანა, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში დღეში რამდენჯერმე ვუკავშირდებოდით თითეული მუნიციპალიტეტიდან კულტურის წარმომადგენელს და მათ დეტალურად ვაცნობდით დღის წესრიგს, თუ ვინ იქნებოდნენ სტუმრები, ვინ შეასრულებდა სიმღერას და ნებისმიერ წვრილმანზეც კი შეთანხმებულები ვიყავით. უხერხულობა გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ძალიან ლამაზად იყვნენ ჩოხებში გამოწყობილები, აღმოჩნდნენ გაურკვევლობაში. რომელსაც ჩვენ ვერ შევუშვებდით ფილარმონიაში და ვერ მივცემდით სიმღერის შესრულების საშუალებას, რადგან არც ვიცოდით რა შესაძლებლობები ჰქონდათ. მერე გადავწყვიტეთ, რადგან ადამიანები ამხელა გზაზე იყვნენ ჩამოსულები, მათ ნომერი შეესრულებინათ "ივენთი ჰოლში", მაგრამ იქაც ისეთი სიტუაცია შეიქმნა ხალხმრავლობის გამო, მოგვიხდა პროგრამის შემცირება"-გვითხრა ღოღობერიძემ.
ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ხელმძღცანელის თამარ ფირცხალაიშვილს თქმით, მომღერლების თბილისში ჩაყვანა მათი ინიციატივა არ იყო, ხოლო მოგვიანებით პროგრამა შეიცვალა, რამაც გაუგებრობა გამოიწვია.
„ჩემი ინიციატივით არ წამიყვანია, "ეტალონის" წამყვანმა მთხოვა, რომ მიეღო მონაწილეობა ჩვენს ანსამბლსაც, თუმცა მერე რაღაც შეიცვალა პროგრამაში და ვერ იმღერეს. ფილარმონიაში არც უნდა გამოსულიყვნენ, ისე უნდა ემღერათ, სხვა სიტუაციაში"- განაცხადა ფრცხალაიშვილმა.
თეა იოსელიანი : გურია
მასალის გამოყენების პირობები






