ამის შესახებ „ნიუპოსტის“ რეგიონალურ ჟურნალისტს კომისიის წევრმა, დეპუტატმა „ლეიბორისტული“პარტიიდან, ნათია შარაშენიძემ, აცნობა.
მისივე ინფორმაციით, კომისიის 6 წევრიდან, სხდომაზე 4 არ იმყოფებოდა.
„შემოტანილი იყო ერთადერთი საკითხი, „ალეგრობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ეს უნდა განხილულიყო, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს, ქალაქში ტარდება. მე პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა იმის, გამო, რომ რეგლამენტით, კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს ყოველი მომდევნო თვის პირველ ოთხშაბათს. ეს უწევდა 2 სექტემბერს. გაუგებარი მიზეზების გამო 2-ში არ გაიმართა და საერთოდ დასრულდეს უნდა ეს პრაქტიკა როცა რაიმე ცვლილება სჭირდება ვინმეს ბიუჯეტში და მაშინ ახსენდებიან კომისიის დასკვნა. მე ვემზადებოდი სხდომისათვის 2 სექტემბერს. თუმცა გასაგებია რატომაც გადაიდო. იმიტომ, რომ „ალეგრობის“ საკითხი იყო გამოსატანი და მას ელოდებოდნენ“- გვითხრა შარაშენიძემ.
შარაშენიძე ფიქრობს, რომ საკითხს ხელისუფლება კომისიისა და ბიუროს გვერდის ავლით პირდაპირ საკრებულოზე გაიტანს.
ირინა საჯაია: ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: “ნინო ტაბატაძეს დააგვიანდა 10 წუთი სხდომაზე, ქალბატონი თამარ ნადირიძე შემოვიდა და გასასვლელი ვარო, გოჩა ძიმისტარიშვილი იყო, მაგრამ ბრძანა ბოიკოტის რეჟიმში ვარო. ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ შედგა. თემურ სალუქვაძე და ნათია შარაშენიძე თბილისში იყვნენ, კომისიაში არის 6 წევრი, როგორც გითხარით ქვორუმი არ შედგა და სხდომაც ჩაიშალა. რაც შეეხება „ალეგრობას“ ეს არის დამტკიცებული, პროგრამული ღონისძიება, მას სჭირდება მხოლოდ შიდამუხლობრივი ცვლილება კულტურულ პროგრამაში. „ალეგრობა“ რა თქმა უნდა ჩასმული იყო ბიუჯეტში, უბრალოდ ამ ღონისძიებისათვის გათვალისწინებული იყო 8 ათასი ლარი, მაგრამ იმ კულტურული ღონისძიებების ხარჯზე, რომელიც არ გაიმართა, მაგალითად „ზაფხულის საღამოები“ და რამდენიმე სხვა, „ალეგრობის“ ბიუჯეტი გაიზარდა 34 ათას ლარამდე“ - გვითხრა საჯაიამ.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






