ეკონომიკაზე აქცენტის გადატანა დიპლომატიური აქტივობის შემცირების ხარჯზე ხდება - "დიპლომატთა კლუბი"
პოლიტიკა - 20:06, 09 Sep, 2015     1547

"დიპლომატთა კლუბი", რომელიც ყოფილმა ელჩებმა შექმნეს, განცხადებასა ავრცელებენ, სადაც ევრაზიასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.

მათი თქმით, ეკონომიკაზე აქცენტის გადატანა პოლიტიკური და დიპლომატიური აქტივობის შემცირების ხარჯზე ხდება.

"საქართველოს ყოფილი ელჩების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, შევქმნათ "დიპლომატთა კლუბი", როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია მიღებული, შემდეგი მიზეზების გამო: ვაცნობიერებთ რა, რომ საქართველოს მომავლისთვის, მისი შემდგომი განვითარებისთვის ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს უდიდესი, ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გვინდა საზოგადოებისთვის პერმანენტულად ცნობილი გავხადოთ ჩვენი ხედვა, დაფუძნებული მრავალწლიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ გამოცდილებაზე. ეს შეხედულებები, ტრანსპარენტული და, შესაბამისად, მკაფიოდ გაცნობიერებული უნდა იყოს მოსახლეობის ფართო მასებისთვის. ასეთია დემოკრატიული საზოგადოების მოწყობის წესი. დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარება შემაშფოთებელ ნიშნებს შეიცავს, ხიფათს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ სამყაროსთან თანაარსებობის პრინციპებს.

საგარეო ურთიერთობათა სისტემის ხელმძღვანელის ხშირი და არაადეკვატური ცვლა არც კარგია და არც ტრაგიკული, რომ არა წინა და მომდევნო კონტექსტი. ახალი პოლიტიკური ძალის პირველი საგარეო მინისტრი სკანდალით წავიდა, მომდევნო - სკანდალით მოვიდა და სწრაფად შეიცვალა. ახლის დანიშვნას მინიმუმ ორი უცნაურობა ახლავს - იგი, ფაქტობრივად, არ იცნობს დიპკორპუსის სისტემას ანუ მოსალოდნელია სტაბილური საკადრო ხაზის ნაწილობრივი დემონტაჟი (ე.წ. "საკუთარი გუნდის" მოყვანის ახლა გავრცელებული პრაქტიკა, გაუაზრებელი როტაცია და ა.შ.); მეორე - უცხოელი დიპლომატიური პარტნიორებისთვის ეს არის მესიჯი, რომ მოხდა ეკონომიკის უპირატესობა პოლიტიკურ მოდელთან მიმართებით. აქ ხიფათია არა მინისტრის პიროვნებაში, არამედ კრიზისში მყოფი მთავრობის განსხვავებულ პარადიგმაში.

ჩვენთვის, როგორც ყველა დაკვირვებულ მოქალაქისთვის, შემაშფოთებელია ახალი მინისტრისგან პოლიტიკური ტერმინის "ევრაზიის" ხსენება, რომელიც, უპირატესად პუტინის ლექსიკონიდან მომდინარეობს. არავინაა წინააღმდეგი აზიური, აფრიკული თუ ავსტრალიური კონტაქტების, მაგრამ "ევრაზიის" პოლიტიკური მნიშვნელობა ევროპას და აზიას კი არ მოიცავს, არამედ სწორედ სახიფათო პრორუსული პოლიტიკური ქიმერის პირმშოა. თუ ამას დავუმატებთ პრემიერ-მინისტრის მუდმივად განმეორებად (და ზოგი მინისტრის თუ უმრავლესობის დეპუტატის) რუსეთთან "დალაგების" რიტორიკას, ჟენევის პროცესის რედუცირებას აბაშიზე-კარასინის ფსევდო "ეკონომიკური და ჰუმანიტარული" დიალოგის ფორმით, ზოგი დეპუტატის აშკარა ანტიდასავლურ და ანტინატოურ გამონათქვამებს, აშკარაა, რომ სახეზე ქართველი ხალხის ძირითადი პოლიტიკური ნების _ ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების _ დაკნინების, მოდუნების პირდაპირი მოვლენაა. ეს არის რეალური კულუარული მმართველის, ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური სტანდარტი.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს დიპლომატიური სისტემის დეფორმირების პროცესი, საელჩოების, კონკრეტულად, ელჩების ფუნქციის თანმიმდევრული დაკნინება. არსებული ინფორმაციით, მათ ეძლევათ მითითებები, რომ ნაკლები პოლიტიკური აქტიურობა გამოაჩინონ ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ სასიცოცხლო საკითხებზე მუშაობისას, როგორიცაა საერთაშორისო დონის არაღიარების და ანტიოკუპაციური ძალისხმევა. ბოლო წლებში საელჩოებში აღარ იგზავნება პოლიტიკური ინსტრუქციები. სამინისტროში დიდი ხანია, ვერ ან ცუდად წყდება საკადრო საკითხები. რიგი საელჩოებისა დაუკომპლექტებელია, ზოგჯერ ადგილი აქვს ნეპოტიზმს.

სრულიად დიფუზურია რუსეთთან პოლიტიკა. საქართველო, პატარა ქვეყანა, მთავარ ხიფათთან მარტო, პირისპირ გამკლავებას ვერ შეძლებს. მხოლოდ დემოკრატიულ თანამეგობრობასთან, დასავლეთთან ერთად არის შესაძლებელი საწადელის მიღწევა. აშკარაა, რომ საგარეო პოლიტიკური გზა, არჩეული დღევანდელი ხელისუფლების მიერ, წარმატების გზა არ არის. ჩვენი საგარეო პოლიტიკა თავს არიდებს კონკრეტულ საერთაშორისო პოლიტიკურ ნაბიჯებს და რუსეთთან ურთიერთობის გრძელვადიანი ნორმალიზაციის ნაცვლად ვიღებთ მხოლოდ ცალკეული დაინტერესებული პირების ეკონომიკური ინტერესების წახალისებას, ამავდროულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკაცრი რუსიფიკაციის და მილიტარიზმის სახით მუდმივ ე.წ. "დამცირების პოლიტიკას" (policy of humilation) ეს საგანგაშოზე მეტია.

აქცენტის გადატანა პოლიტიკიდან ეკონომიკაზე ხდება პოლიტიკური, დიპლომატიური აქტივობის მინიმიზაციის ხარჯზე. ამასთან, ქვეყანაში მზარდი ეკონომიკური კრიზისი მიუთითებს, რომ არც ეკონომიკური ეფექტია ამ გზით მიღწევადი.

ახლოვდება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ნატოს ვარშავის სამიტი, დღის წესრიგშია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პრობლემა. სრული შთაბეჭდილებაა, რომ ქვეყანა ევროპის მოთხოვნათა შეგნებულად დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობაშია, მეტიც, სახეზეა რეგრესი. პოლიტიკური დევნის სავალალო გაფართოებადი პოლიტიკა, საფინანსო და ეკონომიკური კრიზისი, საბანკო სისტემის შეგნებული რღვევა (WB, IMF, IBRD საწინააღმდეგოდ), სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება და დეგრადაცია, მასმედიაზე შეტევა (რუსთავი2 დაყადაღების სასირცხო ისტორია, პოლიტიკური თოკშოუების მასობრივი გაუქმება და კონტროლი და ა.შ.), კრიმინალის ზრდა, ადამიანის პოლიტიკური და სოციალურ უფლებათა დარღვევის პროცესი საეჭვოს ხდის წარმატების მიღწევას ევრომოედანზე. ესაა ის მიზეზები, რამაც გადაგვაწყვეტინა ორგანიზაციის შექმნა. ჩვენ ინტენსიურად და ღიად ვიმუშავებთ. იმედი გვაქვს, მოკრძალებულად წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის კეთილ, დემოკრატიულ და უსაფრთხო განვითარებაში", - ნათქვამია "დიპლომატთა კლუბის" განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ნინო ნაკაშიძე, ნინო კალანდაძე, სალომე სამადაშვილი, გიგი კუბლაშვილი, გეგა მგალობლიშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, გიორგი ბადრიძე, გიორგი ქერდიყოშვილი, მამუკა გამყრელიძე, მამუკა კუდავა, მამუკა ჟღენტი, ზურაბ კაჭკაჭიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, პაატა გაფრინდაშვილი, გია ჯაფარიძე და ზურაბ კვაჭაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42