მან განმარტება ფქვილისა და პურის რეგლამენტზეც გააკეთა, რომლის მიღებასაც მთავრობა აპირებს.
„პურის რეგლამენტი სხვა პროცესია, მაგრამ ფქვილის რეგლამენტი ამის წინა საფეხურია. როცა რძის რეგლამენტი დავნერგეთ, ვითარება, ფაქტობრივად, 1 კვირაში შეიცვალა და დახლებზე ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღეთ. პურის თაობაზე კი ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას.
არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს. ახლა კი მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში. ამ სფეროში კონკურენციის არაჯანსაღი პირობებია: ვიღაც საღებავს ამატებს პურს, ვიღაც რაღაც ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვიღაც კი საფუარში რაღაცას ურევს. ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენი პური რომ ნახა, გაოცდა: ეს რა არის, რას ჭამთო? რა თქმა უნდა, ვიცით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პურის ტექნიკური რეგლამენტის შემოღება. ამიტომაც გვინდა, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მაგრამ მოვთხოვოთ ხარისხიანი პურის წარმოებაც. რაც შეეხება ფქვილის რეგლამენტს, ის გულისხმობს ეტიკეტირების წესის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას, რათა ეს პროდუქტი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს“, - ამბობს დანელია.
მინისტრის თქმით, პურს სჭირდება სწორი მიდგომა, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტით, ზედმიწევნით დაცული უნდა იყოს. "არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს მოუწევთ ან ამ პირობების დაკმაყოფილება, ან ბაზრიდან გასვლა", - დასძინა დანელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






