მისი თქმით, პროკურატურას ბოლო თვეებია გარდაცვლილის ოჯახისთვის საქმის გამოძიების ირგვლივ ახალი არაფერი უთქვამს.
შესაბამისად, კიწმარიშვილებისთვის უცნობია მოხდება თუ არა თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობით გადაკვალიფიცირება. ზურაბ კიწმარიშვილს იმედი აქვს, რომ საქმის გამომძიებლები „შვებულების შემდეგ მაინც მოახერხებენ მამთან შეხვედრას“.
„ჩემი ძმის გარდაცვალების საქმეზე ახალი არაფერი ვიცით, რადგან პროკურატურიდან არავინ შეგვხმიანებია, მთელი ეს დრო მეუბნებოდნენ, რომ გამომძიელები შვებულებაში იყვნენ, იმედია ჩამოვიდნენ და სექტემბრის თვეში მაინც შედგება კომუნიკაცია, მინდა მოვისმინო რა გაკეთდა ან კეთდება ამ საქმის დროული გამოძიებისთვის. ბევრი ექსპერტიზა გაკეთდა, დაიკითხნენ კონკრეტული პირები ეს კი იმიტომ კეთდებოდა რომ კონკრეტულ შედეგამდე მისულიყო გამოძიება. ზაფხულია, კი ბატონო დაისვენეს, იმედია სექტემბერში მაინც მოგვაწვდიან ინფორმაციას“,- განუცხადა „ნიუპოსტს“ ზურაბ კიწმარიშვილმა.
-ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, რომ „ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა „რუსთავი 2“ ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან არის კავშირში...
- არავითარი პრეტენზია არ მაქვს ამ ვერსიასთან, შესაძლებელია ადამიანებს ეს ვერსია დამაჯერებლად მოეჩვენოთ, რა თქმა უნდა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ გამოძიება ოფიციალურ ვერსიას არ დადებს.
- ოჯახის ეჭვი მკვლელობაზე ხომ არ შეცვლილა?
- ჩვენ თვითმკვლელობის ვერსიის არ გვჯერა, ჩატარებული ექსპერტიზები მაძლევს საფუძვლიანი ეჭვის ქონის საშუალებას, რომ ეროსისთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა მკვლელი ან მკვლელები.
2014 წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილის გვამი, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში საკუთარ ავტომობილში იპოვეს.
რუსთავის მერობის კანდიდატს თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, გამოძიების ინფორმაციით, იქვე იდო იარაღი, რომელიც სწორედ იმ დღეს იყო მის სახელზე დარეგისტრირებული.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა – აღიძრა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






