,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციების განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულად სწავლების აკრძალვის შესახებ
პოლიტიკა - 12:22, 02 Sep, 2015     4296
ოკუპირებულ აფხაზეთში (გალის რაიონში) სკოლებში ქართულად სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით ,,აფხაზთა კრებაში“ შემავალი ორგანიზაციები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ომის, სამხედრო ინტერვენციის, აფხაზეთისა და შიდა ქართლის (ცხინვალის რეგიონის) ოკუპაციის და ამ ტერიტორიების მიმართ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის განხორციელების შედეგად გალის რაიონში ამჟამად მცხოვრები 35 000–მდე ქართველი ეროვნების საქართველოს მოქალაქე ფაქტობრივად სრულად იქნა იზოლირებული როგორც დანარჩენი საქართველოდან, ასევე ზოგადად ცივილიზებული სამყაროდან.

გალის რაიონში – თანამედროვე რუსულ ,,გულაგში“ აბსოლუტურად დაუცველია ცივილიზებული სამყაროს მიერ საყოველთაოდ აღიარებული უმთავრესი ღირებულებები – ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, კერძო საკუთრება, გამოხატვისა და რწმენის, პირადი ცხოვრებისა და გადაადგილების თავისუფლება, თავისუფლების და ხელშეუხებლობის, მონობისა და იძულებითი შრომისაგან დაცვის, პირადი ცხოვრების პატივისცემისა და სხვა ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ყოველდღიური მოვლენაა: ძალადობა, ადამიანების მკვლელობა, გატაცება, დაყაჩაღება, წამება როგორც კრიმინალების, ასევე რუსეთის სამხედრო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან.

რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ რასიზმი აყვანილია ოფიციალური ადმინისტრაციული რეგულირების და პრაქტიკის დონეზე. ამჯერად, მათი გადაწყვეტილებით 1 სექტემბრიდან გალის რაიონის სკოლებში ეტაპობრივად სრულად იკრძალება განათლების მიღება ქართულ ენაზე, ოფიციალურად იკრძალება ქართული სახელმძღვანელოები. მოსამზადებელი კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით სწავლება ქართულის ნაცვლად რუსულად იქნება. ქართული ენა და ლიტერატურა იქნება როგორც უცხო ენა მე-3 კლასიდან კვირაში 3 საათი ნაცვლად აქამდე არსებული 10 საათისა. მაღალ კლასებში კი სწავლებას ჯერ-ჯერობით ქართულად გააგრძელებენ რუსულენოვანი კადრების დეფიციტისა და დაფინანსების არქონის გამო. მაგრამ ამ კლასებში აკრძალულია საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. მათ ჩაენაცვლება აფხაზეთის ისტორია და აფხაზეთის გეოგრაფია რუსულენოვანი სახელმძღვანელოებით. რუსულენოვანი სწავლება განხორციელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით, რომლის შესაძენად მოსახლეობისგან კრეფენ ახალ ხარკს-3-3 ათასი რუბლის ოდენობით. თუმცა რეალური ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა. ჩვენი მონაცემებით, სოფ. ოქუმის სკოლაში ახლადდანიშნულმა დირექტორმა ვინმე ჭოლარიამ მაღალ კლასებშიც აკრძალა ქართულად სწავლება.

გალის ქვედა ზონის 11 სკოლაში ქართულად სწავლება ადრეც იდევნებოდა, მაგრამ მაინც ხერხდებოდა ღიად თუ ფარულად ქართული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება მოსახლეობის და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად. საოკუპაციო ადმინისტრაცია ამას არ იმჩნევდა. ამჟამად კი პირდაპირ იქნა გაცხადებული ოკუპანტის მიზანი-გალის მოსახლეობის ქართული საგანმანათლებლო სივრციდან, ქართული სახელმწიფოსაგან მოწყვეტა და ე.წ. აფხაზურ-რუსული საგანმანათლებლო პროგრამის იძულებითი დანერგვით მისი სრული რუსიფიკაცია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მკაცრი ტოტალური ზომების მეშვეობით განხორციელდება.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მკაცრად გმობს ასეთ პრაქტიკას. ჯერ კიდევ 2001 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასეთი ქმედებები მიიჩნია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და 1-ლი ოქმის მე-2 მუხლის (განათლების უფლება) დარღვევად (საქმე #25781/94, კვიპროსი-თურქეთის წინააღმდეგ). ამავე დროს აღნიშნული ზომები წარმოადგენს გაეროს მიერ 1989 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია 28-ე და 29-ე მუხლების უხეშ დარღვევას.

უკანასკნელი წლის მანძილზე აფხაზეთის ადგილობრივი მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გამოცხადდა ეს განზრახვა. ამ პერიოდში აფხაზთა კრების ორგანიზაციები აკადემიური კონფერენციებით, პრეზენტაციებით, პეტიციებით, საჯარო განცხადებებით თუ აქციებით საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღებას მივაპყრობდით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების მიმართ აშკარად გამოხატული რასისტული პოლიტიკისა და ოფიციალური ადმინისტრაციული პრაქტიკის ამ აღმაშფოთებელი გამოვლინებების მიმართ და ხელისუფლებისაგან მოვითხოვდით რეაგირებას მათ აღსაკვეთად ყველა ქმედითი შიდა და საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას. თუმცა ამაოდ. ხელისუფლების დუმილმა, დანაშაულებრივმა უმოქმედობამ და გულგრილობამ კიდევ უფრო წაახალისა ოკუპანტი და მისი ადგილობრივი მარიონეტები.

საქართველოს ფაქტობრივ და ფორმალური მმართველობის მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებულმა მაამებლურმა პოლიტიკამ, ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მიჩუმათებამ და მათზე დუმილმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა აგრესორისა და ოკუპანტის ყოველგვარ ზღვარგადასული თავხედობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ არა გვაქვს მოლოდინი, რომ ამ თვალსაზრისით მთავრობა და მმართველი პოლიტიკური გუნდი არსებითად რაიმეს შეცვლის. თავად ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ მშვიდობიანი, კონსტიტუციური საშუალებებით, არჩევნების მეშვეობით დასავლური ორიენტაციისადმი მტკიცედ ერთგული პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლითა და რუსეთუმე კოლაბორაციონისტთა სრული განეიტრალებით.

ამავე დროს, აუცილებლად მიგვაჩნია ოკუპანტის ამ და სხვა ქმედებებზე აქტიური საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უცილობლად მიიქცევს საერთაშორისო ყურადღებას მათ მიმართ, შეზღუდავს აგრესორის ბოროტმოქმედებს და აიძულებს ხელისუფლებას სანამ არის, ხმა ამოიღოს და გაატაროს რაიმენაირი ზომები ამ მიმართულებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სპექტრს აქტიურად წინ აღუდგეს ოკუპანტის აღვირახსნილობებს, საკუთარი ხელისუფლების უმოქმედობას და გულგრილობას და ყველა ხელმისაწვდომი საშუალებებით დაიცვას საქართველოს მოქალაქეების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ ,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები:

საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციები:

მალხაზ პატარაია (მოძრაობა ,,დაბრუნება“),

ნიკოლოზ ვაშაკიძე (საზოგადოება ,,ივერია“),

ბადრი კორძაია (ვეტერან მეომართა კავშირი ,,ჯიხა“),

ჯონი კვარაცხელია (ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ,,ლაზარე“),

დავით ზაქარაია (რეფორმებისა და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი),

ბესიკ ექსეულიძე (ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა),

ნიკა ფარცვანია (აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო),

ვალერი ჭელიძე (ევროპულ-დემოკრატიული ცენტრი),

ლაშა ფარულავა (ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი),

შმაგი ჩოხელი (სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი),

ნიკა ჩომახაშვილი (მოძრაობა - საქართველო ოკუპაციის გარეშე),

გიგა გვასალია (სტუდენტური ომბუცმენი),

ნარი მიქაძე (საქართველო-დევნილთა მხარდაჭერისათვის),

ხატია ქობალია (სტუდენტური ორგანიზაცია ,,გრაალი“),

მერაბ გამსახურდია (გადავარჩინოთ მომავალი თაობა),

კახა კვარაცხელია (სამეფო კლუბი);

გაიოზ (გია) მამალაძე (გეოპოლიტიკური მოდელირების ცენტრი),

ზვიად აძინბაია (თავისუფალი თაობა საქართველოსათვის),

დავით აფციაური (საზოგადოების უფლებები),

დავით ბერიტაშვილი (რეპატრიანტთა კავშირი),

მუხრან ბურჭულაძე ( დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი),

ზურაბ გრიგალაშვილი (ქართული ორდენი),

ვალისა ღვინჯილია (ქალები საქართველოსათვის);

ირაკლი კობიძე (რეფორმატორთა კლუბი),

ბესიკ წერედიანი (მშვიდობის ლეგიონი ,,ფენიქსი“).


პოლიტიკური პარტიები:

ბაჩუკი ქარდავა (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია),

თამარ ჩხეიძე (ილია ჭავჭავაძის საზოგადოება),

პაატა დავითაია (ევროპელი დემოკრატები),

გოჩა ჯოჯუა (ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია),

ვაჟა ადამია (სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება)

ზურაბ ხარატიშვილი (სამოქალაქო ალიანსი საქართველოსათვის).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42