გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის ოფიციალურად აკრძალვის ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენის შევიწროებას განაგრძობს.
როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, ადგილზე მიმდინარე ნებისმიერი მოვლენა ყოველთვის გარკვეულ მიზანს ემსახურება.
„ამ შემთხვევაში ქართული ენის შევიწროება არის პასუხი იმ რეალობაზე, რომელიც შექმნა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკამ. ჩვენი ამოცანაა, რომ გალის რაიონში შენარჩუნებული იქნას ქართული მოსახლეობა და არ მოხდეს რაიონის დაცლა. იმედია საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერით მოვახერხებთ და დავიცავთ, ეთნიკურ ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქართული ენის შევიწროება არის როგორც გალის რაიონის, ისე აფხაზეთის ტერიტორიის რუსიფიკაციის მცდელობა. ამგვარი ნაბიჯები ხელს არ უწყობს გალის რაიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას. რაც შეეხება გალის რაიონში მოქმედ ქართულ სკოლებს, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ სკოლებში გრძელდება ქართულ ენაზე სწავლება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






