პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ დასაბუთებული არგუმენტაციის გარეშე მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასებული კონსტიტუციური ინსტიტუციისთვის ფუნქციების ჩამორთმევა მიუღებელია.
ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ მომზადებული შენიშვნები გააცნო.
„ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. უდავოა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება დემოკრატიული სისტემის ფორმირების წინაპირობაა. ამგვარ ვალდებულებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. აღნიშნულ დოკუმენტებში ნათლადაა მითითებული მხარეთა ვალდებულება, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებრიობის იმგვარი გარემო და შესაბამისი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადობას და შემდგომ განვითარებას, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების წინაპირობა გახლავთ. შესაბამისად, მიუღებელია პროფესიულად დასაბუთებული არგუმენტაციისა და მკაფიო მიზეზების გარეშე მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასებული კონსტიტუციური ინსტიტუციისთვის ფუნქციების ჩამორთმევა“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






