საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი - თამარ ბერუჩაშვილი მინისტრის პოსტიდან მის გათავისუფლებაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
ბერუჩაშვილი „ნიუპოსტთან“ მხოლოდ ხანმოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„არ ვაკეთებ ამ საკითხზე კომენტარს“,- თქვა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.
თამარ ბერუჩაშვილი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა. სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, იმას თუ სად გააგრძელებს თამარ ბერუჩაშვილი მუშაობას თავად გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ თავად ბერუჩაშვილი აღნიშნულ ბრიფინგს არ ესწრებოდა.
თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ეს თანამდებობა მაია ფანჯიკიძემ დატოვა.
რაც შეეხება ფანჯიკიძის პოზიციას, ბერუჩაშვილის გათავისუფლების შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს პრინციპულად არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






