„მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს და დელეგაციას, რომ დღეს აქ არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას. მადლობა მთავრობას და პარლამენტს ამ დღის წარმატებით მიღწევისთვის და იმ დელეგაციას, რომელმაც უელსიდან ეს პაკეტი წამოიღო. ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჯარისკაცებო! თქვენ თქვენი სისხლისა და ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე. ასევე ამაყები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მომავალი ჯარისკაცები იქნებიან. ჩვენ ამაყად ვდგავართ საქართველოს მიწაზე, რადგან საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვით, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით. ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს ჩვენს მიწა-წყალზე და საერთაშორისო მასშტაბით.
ეს ცენტრი თქვენი და თქვენი პარტნიორების უნარებს დახვეწს. იმ უნარებს, რომლითაც თქვენ დაიცავთ საქართველოს, თავისუფლებას და ღირებულებებს. მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






