როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტელეკომპანია „მაესტროს“ „ცხრიანში“ საუბრისას განაცხადა, მოსახლეობას ზარალს არა სახელმწიფო, არამედ დაზღვევა აუნაზღაურებს.
„ვინ თქვა, რომ ზარალს ავანაზღაურებთ?! ზარალს დაზღვევა აანაზღაურებს. ჩვენ ამიტომ შემოვიღეთ დაზღვევა. სახელმწიფომ ყოველწლიურ ბიუჯეტში აგროდაზღვევისთვის გაითვალისწინა 10 მილიონი ლარი, რომლის მნიშვნელოვანი წილი სუბსიდირებას ხმარდება. იმის მიუხედავად, ადამიანი დააზღვევს თუ არა მოსავალს, მაინც მიიღებს კომპენსაციას, დაზღვევას რა აზრი აქვს? მაშინ რატომ ვიხდით ამდენ ფულს? რატომ ვიხდით წელიწადში 10 მილიონს? და რატომ ვაყენებთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას? ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, ვისაც არ დაუზღვევია მოსავალი, დროულად დააზღვიოს. ჩვენ 60%-მდე ვასუბსიდირებთ დაზღვევას. ამას ვაკეთებთ ხალხისთვის და უნდა გამოიყენოს თითოეულმა მოქალაქემ, თორემ სადაზღვევო სისტემის და დაზღვეულების დისკრედიტაცია მოხდება. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შევუწყობთ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს სტიქიამ კახეთში, ყველაზე მეტად ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები დააზარალა.
მასალის გამოყენების პირობები






