ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში ოკუპანტების მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ რუსეთის დახმარებით ე.წ საზღვრის გადმოწევა ხდება:
”შემაშფოთებელია, რომ რუსეთის დახმარებით ხდება ე.წ საზღვრის გადმოწევა, ყოველდღე ადამიანები მწარე რეალობის წინაშე არიან, იღვიძებენ დილას და აღმოჩნდება, რომ ე.წ საზღვარი სახლთან არის გავლებული, დაკარგეს მიწა და უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვიცით და გვესმის, რომ ეს უმძიმესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. ვგმობთ ამ ფაქტს და ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას. არა მარტო უკრაინის გამო გვსურს რუსეთზე ზეწოლა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო. მისასალმებელია ტუსკის ვიზიტი საქართველოში და ევროკავშირის პრეზიდენტის ადგილზე ჩასვლა. რაც ხდება ეს ძალიან სამწუხაროა. ალიანსის წევრები ფიქრობენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, მიუხედავად იმისა , რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს რომ მოლაპარაკებები გართულდეს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მცდელობას, მიუხედავად იმისა რომ წარმატების შანსები ლიმიტირებულია. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველო მიდის თანმიმდევრულად ამ მძიმე გზაზე”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






