საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით შემოდგომაზე საპროტესტო აქციებიც გაიმართოს.
,,ნიუპოსტი“ არასაპარლამენტო ოპოზიციდან პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას ესაუბრა. კუკავა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს აპირებს და ამბობს, რომ არსებული საარჩევნო გარემოს პირობებში არჩევნებში მონაწილეობა აზრს კარგავს.
,,აბსოლუტურად აზრს კარგავს ჩვეულებრივ არჩევნებში მონაწლეობა, რადგან ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეცვლილიყო საარჩევნო გარემო, აგრძელებენ იგივე კამპანიას, რაც ხდებოდა სააკაშვილის პირობებში და არათუ რეფორმა არ გატარდა, არამედ რამდენიმე მიმართულებით საარჩევნო გარემოს გაუარესებაც კი მოხდა, რაც ბუნებრივია, საგარეჯოსა და მარტვლიში ჩატარებულ არჩევნებს აზრს უკარგავს“ - აცხადებს კახა კუკავა.
კუკავა იმედოვნებს, რომ ამ მოსაზრებას საპარლამენტო ოპოზიციაც გაიზიარებს. მისივე ინფორმაციით, თითიქმის ყველა არასაპარლამენტო პარტია ბოიკოტს გეგმავს.
,,ვიცი რომ ყველა არასაპარლამენტო პარტია, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, რომელიც ხელსუფლების სატელიტები არიან, აპირებენ ბოიკოტის გამოცხადებას და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ შეიძლება თავისი სატელიტები, სუსის მიერ კონტროლირებადი პარიტები გამოჩხრიკოს და არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინოს, მაგრამ ის ვინც ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ არის ოპოზიციური პარტიები, ისინი მონაწილეობას იმედი მაქვს, რომ არ მიიღებენ. ჩვენ საერთაშორისო საზოაგდოებას, ევროპის საბჭოს, ამერიკის კონგრესს, ყველას ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, მათ ყურამდე უნდა მივიტანოთ, რომ საქართველოში არის მე-19 საუკუნის ტიპის ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმი, რომელიც არჩევნებს ყველანაირ აზრს უკარგავს. ბიძინა ივანიშვილისთვის ამომრჩეველი განიხილება, როგორც ერთი აქცია და ის არჩევნებში მონაწილეობს იმ პრინციპით, რომ შეისყიდოს არჩევნების საკონტროლო პაკეტი, 51%. აქ ყოველგვარი საუბარი პარტიებს შორის პროგრამულ დისკუსიებზე გამორიცხულია“ - აცხადებს კუკავა.
,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ფიქრობს, რომ საჭიროა კონსულტაციების დაწყება. კუკავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა დაგეგმოს მასობრივი აქციები, რათა აიძულოს ხელისუფლება შეცვალოს საარჩევნო გარემო. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაიწყოს საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით
,,მე ვფიქრობ, რომ მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური კონსულტაციები. ჩვენი პარტია იცით, რომ არ მონაწილეონდა ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში. ეს იყო კონსტრუქციული ეტაპი და იმ პარტიებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ დიდი სამუშაო გასწიეს, მაგრამ ამ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ ენაზე საუბარს შედეგები არ მოაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მასობრივი პროტესტების დაგეგმვა, რომლის ამოცანაც იქნება ან ხელისუფლება აიძულოს, მიიღოს ახალი დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი, ან უნდა დავიწყოთ მასობრივი აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ის სოციალური პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად დააჩქარებს ამ პროცესებს“ - აცხადებს კახა კუკავა.
მასალის გამოყენების პირობები






