ფხალაძის თქმით ნიუ-იორკში იმართება მაღალი დონის დისკუსია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მომავალს და ქალთა როლის გაძლიერებას ეძღვნება და მასში მონაწილეობას რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტიც. რომელიც დისკუსიებში მონაწილეობის გარდა შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის გამგზავრებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პირდაპირი წესით აირჩევა. ფხალაძის თქმით, აქედან გამომდინარე და საერთაშორისო ასპარეზზე პრეზიდენტის მაღალი ავტორიტეტის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული მისი ეს ავტორიტეტი და კარგი იქნებოდა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით პრეზიდენტი გამოსულიყო. ფხალაძის თქმით გაეროს წესების მიხედვით გენერალურ ასამბლეაზე პირველ რიგში სახელმწიფოს მეთაურები გამოდიან, შემდეგ კი მთავრობის მეთაურები. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნები კი იყენებენ ამ შესაძლებლობას და იმისთვის, რომ უფრო აქტუალურ ფორმატში იქნას მათი პრობლემები წარმოჩენილი, გაეროს ასამბლეაზე მათი სახელმწიფოს მეთაურები გამოდიან.
„ ეს პოზიცია, ცნობილი და გაცხადებულია კონსულტაციების და საჯარო რეჟიმშიც, სამწუხაროდ გაზიარებული არ არის. გაეროს გენერალურ ასამბლეამდე დარჩენილია ერთი თვე და კარგი იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თუ ეს პოზიცია გაზიარებული იქნება“ -აღნიშნა ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






