აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა ქართველი კოლეგა პენტაგონში მიიღო და მასთან ის რეგიონალურო თანამშრომლობის პრობლემები და ის გეგმები განიხილა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის 20 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
„მინისტრმა კარტერმა მაღალი შეფასება მისცა იმ მუდმივ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო აშშ-ს ავღანეთში უწევს. საქართველო სამხედროთა რაოდენობით მეორეა, რაც მისიისთვის ძლიერ მხარდაჭერას წარმოადგენს“ - აღნიშნულია პენტაგონის პრეს-მდივანის პიტერ კუკის განცხადებაში - მინისტრმა კარტერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, თავის მოკავშირეებთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი რჩება ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც 2014 წლის უელსის სამიტზე შეთანხმდა.
კუკმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა შეაფასეს აშშ-ს მიერ საქართველოსთვის შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული დახმარება და განიხილეს ასევე დამატებითი დაფინანსების გეგმები, 20 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება.
მინისტრმა კარტერმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით , მათ შორის ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნების და პროგრამების განხორციელებაში.
ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წელს ვარშავაში ვიზიტის დროს გამოაცხადა და ის ევროპაში აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის უზრუნველსაყოფად მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს , რომლის საჭიროებაც ევროპას უკრაინაში რუსული აგრესიის განხორციელების შენდეგ გაუჩნდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პენტაგონში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა რეალურ მეგობრობას, საერთო ღირებულებებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ეფუძნება.
„მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქართულ არმიას და, ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების არსებულ გარემოს - იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორმა სახელმწიფომ, წარმატებით და ადეკვატურად უპასუხოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ თავდაცვის მდივნისგან მივიღეთ და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები უკვე გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში და ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
მასალის გამოყენების პირობები






