შეხვედრას ათობით სპორტსმენი ესწრებოდა, თუმცა, როგორ აღინიშნა ნაწილი ქალაქგარეთ იმყოფებოდა და მათი შეხვედრაზე მისვლა ამის გამო ვერ მოხერხდა.
როგორც სპორტსმენები აცხადებენ, შენობაში, მეორე სართულზე, ოზურგეთის მერიას საბილიარდოს განთავსება სურს.
აღნიშნავენ იმასაც, რომ კომპლექსის დატოვებას არ შეეგუებიან, იტოვებენ იმედს, რომ ქალაქის მერი გამოხატავს კეთილ ნებას და სპორტსმენებისა და მათი მეგობრების ინიციატივით აშენებულ შენობას არ ჩამოართმევენ.
_ 2012 წელს როცა დაიწყო სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი და ჩვენი მეშვეობით აშენდა. ცდილობენ ჩვენ გვერდზე გაგვწიონ, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ეს არ არის ერთი ადამიანის ინტერესი, ეს მთელი სპორტის ინტერესია, აქ მუზეუმის გაკეთება იგეგმება, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს ბევრი რამ გაიგონ სპორტის შესახებ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მერია თემით სპეკულირებას ეწევა, მართალია შენობა მერიის ბალანსზე ირიცხება, თუმცა კომპლექსის აშენებაში ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ მიუძღვის და მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან მოზიდული თანხებით აშენდა:
_ შენობის აშენება როცა დაიგეგმა, ცოტა სკეპტიკურად შევხვდით ახალ იდეას, რადგან ჩვენი გადმოსახედიდან, ამხელა თანხების მოძიება წარმოუდგენლად რთული ჩანდა, მაგრამ მალე ყველა სპორტსმენი გავერთიანდით და სპორტული კომიტეტის დახმარებით, თანხები მოზიდულ იქნა ცენტრალრი ბიუჯეტიდან. მართალია, შენობა მერიის ბალანსზეა, მაგრამ მის აშენებაში ერთი თეთრის წვლილიც კი არ _ დასძინეს სპორტსმენებმა.
გურიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის, ლაშა ლომაძის განცხადებით, შენობაში საბილიარდოს განთავსების საკითხი, საკრებულოს სხდომაზე უკვე გაიტანეს:
_ ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პროტესტი გამოვხატოთ სპორტული კომპლექსის ირგვლივ ატეხილი ამბის გამო. საკითხები არის დასმული, რომ აქ საბილიარდო უნდა გაიხსნას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. შენობა სულ სხვა მიზნით აშენდა, შევიკრიბეთ, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, არავისთან გასაყოფი არაფეი გვაქვს, არც ვეჩხუბებით და ვეომებით არავის, მით უმეტეს ხელისუფლებას, უბრალოდ, მოვითხოვთ, ჩვენს შევიწროვებას შეეშვან. მადლობას ველოდებოდით ჩვემს მიერ გაკეთებული საქმის გამო და პირიქით მივიღეთ. ქალაქის მერი შეცდომაშია შეყვანილი და არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული, თითქოს აქ ისეთი რაღაც კეთდება, რაც არ სჭიდება სპორტს, თუმცა მინდა ვუთხრა მას, რომ აქ გაკეთდება ოლიმპიური სახლი და ბევრ სასიკეთო საქმეს ჩაეყრება საფუძველი. შევახსენებ ყველას, რომ სპორტის პოლიტიკა არის ერთიანი და ყველა სპორტსმენი ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ამას თუნდაც ჩვენი დღეანდელი შეხვედრა ადასტურებს, _ აღნიშნა ლაშა ლომაძემ.
როგორც ლომაძემ აღნიშნა, საკითხის შესახებ იციან ოლიპიურ კომიტეტში, ასევე ამბით დაინტერესდნენ მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც:
_ ჩვენი პოზიცია ცალსახაა და არ ვაპირებთ დათმობას, ამის შესახებ საქმის კურსშია ოლიმპიური ცენტრი და კომიტეტი. შეწუხებულები არიან ჩემპიონებიც და ველოდებით მათ გამოხმაურებას თბილისიდან. ამ საკითხში ჩართულია მთავრობა, რამდენმე პარლამენტარი. პოლიციის სამმართველოშიც ვართ დაბარებულები, მივალთ და გავისაუბრებთ, _ დასძინა ლომაძემ.
რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონს, ვახტანგ ბლაგიძეს, ის შეხვედრას ოჯახური პრობლემის გამო ვერ ესწრებოდა, თუმცა მხარდაჭერა სპორტსმენებს სატელეფონო საუბარში დაუფიქსირა, რომელიც შეხვედრის მსვლელობისას შედგა. ბლაგიძე სპორტსმენებს გვერდში დგომას დაჰპირდა.
როგორც მერიის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერი სპეციალურ ბრიფინგს რამდენიმე წუთში გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






