თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „კაბელების საქმეში“ ბრალდებულების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.
მისი თქმით, სამსახურში აღადგინეს ის ადამიანები, რომლებსაც უფლებამოსილება პატიმრობის გამო ჰქონდათ შეჩერებული.
„თავდაცვის სამინისტრო არ არის დამნაშავის ან უდანაშაულოს განმსჯელი. ეს ჩვენი საქმე არ არის. ამას სასამართლო გადაწყვეტს. ამ ადამიანების მიმართ სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში სწორედ სასამართლო დაადგენს ისინი მართალი იყვნენ, თუ მტყუანი. მათი აქ მოსვლით შეეშლება თუ არა გამოძიებას ხელი, ამაზეც პასუხი სასამართლომ გასცა. როდესაც მათ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ, იქ ითქვა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლნენ, რადგან ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილებაშია. მე მინისტრობის პირველ დღეს ვთქვი და დღესაც იგივეს ვიმეორებ, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ ამ სამინისტროში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა და სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა ყველამ ვისწავლოთ. ვისაც უნდა სამსახურის თავდაცვის სამინისტროში დაწყება, შეუძლია კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. პირადი შეხედულებებით ვინმეს დასაქმება ჩემი საქმე არაა. ჩემი ამოცანაა, არცერთ შემთხვევაში კანონის დარღვევა არ დავუშვა. თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს“, - განაცხადა თინა ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






