დიასახლისი ამბობს, რომ უკვე ყველაფერზე ხელი ჩაიქნია და ბედს მიენდო. გვეუბნება, რომ მეუღლესაც არ აქვს სამსახური, რომ ოჯახში სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ. ამდენად, საკუთარი სახსრებით, სახლის შეძენა მათთვის მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული: ,, 15 წელია რაც ამ სახლში ვცხოვრობთ. ნახეთ თქვენ თითონ რა მდგომარეობაა. სახურავი დაზიანებულია და წყალი ჩამოგვდის. კედლებიც დაბზარულია. უკან საერთოდ ვერ გახვალ, გვეშინია, რამე არ დაგვეცეს თავზე. თან ახლა ამ სახლის მეპატრონეებიც ჩამოდიან და ალბათ დაცლა მოგიწევს. არვიცი, სად წავალთ .სადმე რომ გადავიდე ქირით, ხომ უნდა გადახდა? ან როგორ გადავიხდით? მე და ჩემი მეუღლე ხან სად ვმუშაობთ და ხან სად, რომ ოჯახში ლუკმა შემოვიტანოთ“_ ამბობს ქალბატონი და დასძენს, რომ ის თვეების წინ ლანჩხუთის გამგეობაში დამლაგებლად მუშაობდა. თუმცა შემცირებაში მოყვა და დღეს მომრავლებული პრობლემებით, სამსახურის გარეშეა დარჩენილი: ,,დეკემბერში მოვხვდი შემცირებაში, ვიყავი კიდეც გამგებელთან შესული. ავუხსენი, რომ ამ ხელფასით ვიხდიდი ბანკის ვალს. თუმცა, ფაქტი სახეზეა, რომ გარეთ დავრჩი“ .
_ ამბობს, რომ უკიდურეს სიღატაკეში მყოფებს სოციალური შემწეობაც მოუხსნეს. ამის მიზეზი თავის საძროხეში ერთი დღით დაბმული მეზობლის ძროხა გამხდარა: ,,მეზობლის ქალი ბათუმში გასვენებაში იყო წასული. მთხოვა, რომ ჩემს დაბრუნებამდე ამ ძროხას მოუარეო. მოვიდა სოციალური მუშაკი და მეუბნება, რომ ეს მას არ აინტერესებს. ავუხსენი რაშიც იყო საქმე, მაგრამ დეკლარაციაში მაინც ჩამიწერა. ვთხოვ ყველას, რომ მოვიდეს ჩემთან სახლში და ნახონ რა მდგომარეობაა. კომისია მოვიდეს და აღწეროს რა სიტუაციაცაა , თუ ჩემი არ სჯერათ “ _ ამბობს ქალბატონი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ბოლო მოწმობას გვაჩვენებს, სადაც ოჯახის სარეიტინგო ქულა ასი ათასამდეა. აქვე განგვიმარტავს, რომ განცხადება მან ბოლოს 2013 წელს შეიტანა და მორიგი იმედგაცრუების შემდეგ, აღარც დაუწერია.
იმავე წელს, როგორც ქალბატონმა გვითხრა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია შუამდგომლობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთან სოციალური დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებით. სოცაგენტის მიერ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა შეფასებული არ იყო როგორც უკიდურესად ღატაკი , რის გამოც მას უარი ეთქვა სოციალური დახმარების დანიშვნაზე. ქალბატონისთვის გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ ენიშნება მას სოციალური შემწეობა. თან აქვე დასძენს, რომ ყოველი განცხადების მიღების შემდეგ, სარეიტინგო ქულა მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან: “ყველა გადამოწმების შემდეგ უფრო მემატებოდა ქულები. მაგათი შეფასებით ქონება მემატებოდა, მაშინ როცა, მარტო საჭმლის ჭამას თუ ვახერხებდით და სხვა სიკეთე ჩვენ არაფერი არ გვქონია”-გვეუბნება ქალბატონი.
გარდა იმისა, რომ ბზიავების ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი ავარიულია და შიგნით ცხოვრება შეუძლებელია, უსახსრობის გამო, სახლში არც წყალი აქვთ შეყვანილი არც გაზი. შუქსაც მხოლოდ ერთ ოთახში ანთებენ, აღარაფერს ვამბობთ ტელევიზორზე, რომლის ყურებასაც ბოლო ერთი თვეა ვეღარ ახერხებენ: ,,იმხელა ფასი ადევს იმ აპარატს, რომ ვერ ვიყიდე. მაგის საშუალება ნამდვილად არ მაქვს. სხვა რა გითხრათ, კი ხედავთ თქვენც თანამედროვე და ძვირადღირებული ნივთი მე არ გამაჩნია. რომ ვთქვა, ამის გამო მომიხსნეს სოციალური დახმარება მეთქი“ _ დასძენს ქალბატონი ნინო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებაში კონკრეტულს ვერაფერს გვეუბნებიან გარდა იმისა, რომ ოჯახმა კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს განცხადებით. თუმცა, სავარაუდო მიზეზად, თუ რატომ ვერ ხვდებიან ბზიავები შეჭირვებულთა ბაზაში, ცოლ-ქმრის ასაკსა და შრომისუნარიანობას განიხილავენ.
ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, ოჯახი გამგეობაში დახმარების მოთხოვნით განცხადებით ამ დრომდე არ შესულა.
ესმა ბერიძე, ,,გურიის მოამბე“
მასალის გამოყენების პირობები






