„ნება მომეცით, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარგანზრახული პროვოკაციის ნიშნებს, ჩემს საქციელს - ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას და გინებას - გამართლება არა აქვს და გულწრფელად ვნანობ.
ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა. ყოველ წელს ცხრა აგვისტოს ქვიშხეთში აღვნიშნავთ ჩემი ოჯახის ომში გარდაცვლილი მეგობრის, დათო ბლიაძის წლისთავს. როგორც საზოგადოებამ ნახა, სუფრაზე დავლიე. რესტორნიდან გამოსვლისთანავე გამაჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატრულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. შედეგად, პოლიციამ დამაკავა და მთელი ღამე მატარებდა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ მომენტში ქვიშხეთში დაკავებული აღმოვჩნდი ნაჭარმაგევში და ვიფიქრე, რომ ცხინვალის მიმართულებით მივყავდით.
რაც შეეხება პრემიერმინისტრის მორიგ უტაქტო და არაკორექტულ განცხადებას, მასზე პასუხის გაცემა ზედმეტად მიმაჩნია.
დასასრულს, მინდა მოვუწოდო ყველას, გაათავისუფლონ ჩემი თანამგზავრი, გარდაცვლილი დავით ბლიაძის ბიძაშვილი ელგუჯა ბლიაძე, რომელსაც მომხდარში არავითარი დანაშაული არ მიუძღვის“, - აცხადებს დეპუტატი.
გიორგი კარბელაშვილი სამართალდამცველებმა წუხელ, სოფელ ქვიშხეთთან დააკავეს და სამართალდამცავებთან წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, მის თანმხლებ პირთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დეპუტატი აცხადებდა, რომ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც კატეგორიულად უარყოფდა შს სამინისტრო, უწყებაში აცხადებდნენ, რომ კარბელაშვილმა თავად პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოგვიანებით შსს-მ მომხდარის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






