_მე 11 წელი ვმუშაობდი ამერიკულ კორპორაციაში, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ახლოს არის პოლიტიკურ წრეებთან. ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობდა როგორც მომავალში, ასევე წარსულში მოქმედი მაღალი რანგის ჩინოვნიკები და ბუნებრივია, რომ დიდი ინფორმაციის აკუმულირება ხდებოდა. მე ვთქვი, რომ რუსული ჯარი შეაჩერა საქართველოში ქართულმა ჯარმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომლებიც ჩამოვიდნენ და დაგვეხმარნენ, იგივე უკრაინის, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები და გააჩერა კონრეტულმა ნაბიჯებმა, რომელიც გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მე ვთვლი, რომ დაგვიანებით, მაგრამ გადადგა.
_რატომ დაგვიანებით და რა იყო ამის მიზეზი?
_როგორც სჩანს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იყო სიურპრიზი რუსეთის ეს ქმედება. მე მახსოვს, როცა კონდოლიზა რაისი იყო საქართველოში ჩამოსული, მე მქონდა მასთან შეხვედრა არა როგორც მთავრობის წევრის სტატუსით, არამედ როგორც IRI-ის პროგრამის ხელმძღვანელს და მესიჯები, რომელსაც სახელმწიფო მდივანი აგზავნიდა, ჩანდა, რომ ის იმ მომენტისთვის ვერ ხედავდა საშიშროებას, რომ რუსეთი შეიჭრებოდა საქართველოში. როგორც სჩანს, ეს იყო თეთრი სახლის პოლიტიკა, იმ მომენტში ისინი რაღაც ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ და ბოლომდე ვერ შეაფასეს ის საფრთხე, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან.
_ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ, თუ ეს მათთვის დაუჯერებელი იყო?
_კარგი შეკითხვაა. მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ასეთი ძლიერი ფსიქოლოგი ლიბერმანი, რომელმაც ჩამოაყალიბა რამდენიმე თეორია და ერთ-ერთი ეყრდნობოდა პოლიტიკოსებს. ლიბერმანის თეორიის ნაწილი იყო, რომ პოლიტიკოსებს ძალიან ხშირად აქვთ პრობლემა ინფორმაციის აღქმის, ანუ იმის გამო, რომ ფლობენ ძალიან დიდი ინფორმაციას, ზოგჯერ უჭირთ რეალურად შეაფასონ საფრთხე, რომლიც სხვებისთვის უფრო ნათელია. ჩემი აზრით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს იყო დაუჯერებელი. როდესაც შენ ხარ დემოკრატიული საზოგადოების წევრი და ფიქრობ საზოგადოების კეთილდღეობაზე, ამ დროს რთულია დაიჯერო, რომ ამხელა მონსტრი ქვეყანა მზად არის, რომ შეიჭრას მეზობელ სახელმწიფოში და დახოცოს მისი მოქალაქეები იმის გამო, რომ მათ ასე სურთ. აქ იყო დაუჯერებლობის პრობლემა, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებს დაჭირდა დაახლოებით 5 დღე, რომ მიეღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება. როდესაც შენ ხარ სუპერ სახელმწიფო, ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდევა დრო. აშშ-მ გადაწყვეტილება მიიღო 2008 წლის 14 აგვისტოს. მოდით გავიხსენო ეს პერიოდი: 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შემოიჭრა, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ჯარი უწევდა წინააღმდეგობას და იცავდა ტერიტორიას, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ 25 ათასიან ჯარს ეომება 100 ათასიანი არმია, იყო მიღებული გადაწყვეტილება ჯარის უკან დახევის და თბილისის გარშემო გამაგრების. ამის შემდეგ უკვე სარკოზი ერთვება და დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთთან პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაზე. მიუხედავად ამისა, პუტინი ემუქრებოდა პირდაპირ სააკაშვილს, ლავროვი ემუქრებოდა გაეროში აშშ-ს ელჩს, რუსეთის ჯარი ნელ-ნელა იწევდა წინ. გადაკეტილი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო, ფოთში თარეშობდნენ და წვავდნენ პორტს...
პირველი ნაბიჯი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაგა იყო ის, როცა ერაყიდან ჩვენი ქუთაისის ბრიგადა იყო გადასროლილი, ხაზს ვუსვამ, ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებით. როცა ომის დროს შენი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავებით გადაგყავს შეიარაღებული შემადგენლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ღიად უწევ სამხედრო დახმარებას. ეს ბრიგადა განლაგდა თბილისის გარშემო, ბუნებრივია, ხალხს არ აქვს ეს ინფორმაცია, კერძოდ, რუსეთის რადიო გადამცემებით საუბარში სწორედ ეს იყო დაჭერილი, რომ მათ ნახტომით ვერ გაბედეს ამ შეიარაღებულ ნაწილებთან დაპირისპირება. პირველი რუსების მხრიდან შემოვიდა კადიროვის ბატალიონი და ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის ამერიკელების მიერ მომზადებული ძალიერი ჯარი და ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალები. ეს იყო ამერიკელების პირველი ნაბიჯი.
რაც შეეხება ჰერკულესებს, ეს არის ამერიკის მთავარი სატვირთო სამხედრო თვითმფრინავი, ისინი დააყენეს თბილისი აეროპორტის ასაფრენ ბილიკებზე, რაზეც იყო პირდაპირი მითითება, რომ თუ დაბომბავთ, დაბომბვავთ ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებს, ამიტომაც იყო რომ რუსებმა ვერ დაბომბეს თბილისის აეროპორტი. გარდა ამისა, სამოქალაქო აეროპორტის გვერდით არის ალექსეევკას სამხედრო აეროპორტი, რომელიც ასევე ვერ დაბომბეს და ამის მაგივრად დაბომბეს მარნეულში. სამხედრო აეროპორტის გვერდით არის ამერიკული ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც იცავდნენ ამერიკელი საზღვაო ქვეითები. 2008 წლის 14 აგვისტოს, როცა იორდანიიდან აფრინდა დამატებითი ჰერკულესები, მათ მოჰყვებოდა ავიაგამანადგურებლები. ჰერკულესი ცხელ წერტილში არ დაფრინავს დაცვის და მხარდაჭრის გარეშე, მას არ გააჩნია თავისი საკმარისად ეფექტური შეიარაღება, ეს არის სატვირთო ძალიან დიდი თვითმფრინავი და მას ყოველთვის მოჰყვება ავიაგამანადგურებლები. როცა თბილისში შემოფრინდნენ, ესკადრელიის მეთაურმა ღია რაციით ეთერში განაცხადა, რომ ნებისმიერი არაკეთილი ჟესტი, მიახლოება ქართულ საჰაერო სივრცეში ამ თვითმფრინავებთან, იქნება ინტერპრეტირებული როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება.
საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ ამერიკელებმა მხოლოდ წყალი ჩამოიტანეს. ვინმეს სჯერა, რომ ჰერკულესებით წყალი ჩამოიტანეს? ცოტა კრიტიკული აზროვნება ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს?
14 აგვისტოს ბოსფორთან მოძრაობდნენ ავიაგადამზიდები, მაგრამ თვითონ შავ ზღვაში შემოვიდა ფლოტის ფლაგმნანი, ეს იყო სამეთაურო ხომალდი. როცა მოდის ამერიკული სამხედრო ფლოტი იქ შედის სხვადასხვა კატეგორიის გემები, მაგრამ მთავარი არის სამეთაურო ხომალდი, რომელიც შემოვიდა და დადგა ბათუმთან. ამ გემის მიერ კონტროლებადი შეიარაღების პოტენციალი 8 ჯერ აღემატებოდა რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს.
რომ შევაჯამოთ - ჩვენი ერაყის ბატალიონის დაბრუნება, ჰერკულესების შემოსვლა საჰაერო სივრცეში იორდანიიდან და ფლოტის ფლაგმანის შემოსვა იყო მესიჯი რუსებისთვის, რომ მორჩა. ჩემი აზრით, დაგვიანებულად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ამერიკელებმა მიიღეს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
მასალის გამოყენების პირობები






