არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეფორმტორთა კლუბი" შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია ,,რუსთავი2-ის" ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საერთაშორისო სამართლითა და კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის ძირითად საშუალებას წარმოადგენს თავისუფალი მედია.
სწორედ ამიტომაც მედიას დასავლურ საზოგადოებაში აიგივებენ ხელისუფლების დამატებით, მეოთხე შტოსთან, როგორც დემოკრატიის მნიშვნელოვან ელემენტს.
ის ფაქტი, რომ გაურკვეველი, ბუნდოვანი გარემოებების საფუძველზე ქონების დაყადაღება განხორციელდა საქართველოში ისეთი წარმატებული, მაღალი რეიტინგის მქონე და დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ, როგორიცაა ,,რუსთავი2", აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ პროცესი სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს.
აღნიშნული კი რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს არა მარტო ,,რუსთავი2"- ის საქმიანობას, არამედ ზოგადად თავისუფალ მედიას და შესაბამისად სიტყვის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






