ბიზნესმენ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "რუსთავი 2-ის" სრული ქონების დაყადაღებას ითხოვს. პაატა სალის განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიზანი არ არის "რუსთავი 2-"სთვის ხელის შეშლა, ყადაღა კი ტელევიზიის ფუნქციონირებას ხელს არ უშლის.
"არა მხოლოდ ავტომობილების, სრული ქონების დაყადაღებაა მოთხოვნილი. აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრირდება მხოლოდ ავტომობილები ამ შემთხვევაში. სხვა ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა მოხდა იქაც. შესაბამისად, საჯარო რეესტრი დააყადაღებს... ყადაღა არ გულისხმობს მათი გამოყენების აკრძალვას. არანაირ შეფერხებას ეს ღონისძიება [ქონების დაყადაღება] არ გამოიწვევს. ერთადერთი აკრძალვაა ის, რომ არ მოხდეს მათი გასხვისება. სხვა მხრივ, მათ მუშაობას ხელი არ ეშლება. ეს ყადაღა ტელევიზიის ფუნქციონირებას, ჟურნალისტთა საქმიანობას არ ეხება. რუსთავი 2-ის შეფერხების სურვილი არ აქვს არავის ჩვენი მხრიდან. ჩვენი მიზანი არ არის რაიმენაირად შეფერხდეს მათი საქმიანობა. ჩვენი მიზანია, ამ დავის პირობებში მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქმედება და გასხვისება არ მოხდეს".
კითხვაზე, თუ რატომ წამოიწყო ხალვაშმა აღნიშნული პროცესი მაინცდამაინც ახლა, სალია განმარტავს - "ნებისმიერ დროს დაისმეოდა ეს კითხვა, რატომ მოხდა ახლა. დიდი ხანია უკვე, 2008 წლიდან ითხოვს ქიბარ ხალვაში ამ ქონების დაბრუნებას, და ჯერ კიდევ მაშინ მიმართა პროკურატურას, როდესაც ტელევიზია ჩამოერთვა. პროკურატურა არაფერს აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღევნდელი პროკურატურაც, დღევანდელი ხელისუფლებაც ამ კუთხით არ დგამს ქმედით ნაბიჯებს. სწორედ ამან გამოიწვია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება, რომ დაეწყო სასამართლო დავა უკვე სამოქალაქო წესით ამ წილების დასაბრუნებლად. ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს არის ცალსახად მიმართული რუსთავი 2-ის დაბრუნებაზე, კომპანიის დღევანდელი მეპატრონისგან, რომელსაც კეთილსინდისიერ შემძენად [როგორც მისი წინამორბედი შემძენები] არ მივიჩნევთ. ქიბარ ხალვაში არის ბიზნესმენი, განიხილავს რუსთავი 2-ს ბიზნესის კუთხით. ეს არის აქტივი, ის ბიზნესი, რომელიც მას უკანონოდ ჩამოერთვა და ახლა ცდილობს მის დაბრუნებას". განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში.
წყარო - "ნეტგაზეთი"
მასალის გამოყენების პირობები






