თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დღეს სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი შშმ ბავშვთა და მოზარდთა მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მშობლებმა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს აღნიშნული პროგრამით, საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს მათ, ვინც მომავალ ნაკადებში მიემგზავრება მთისა და ზღვის კურორტებზე.
მშობლებმა დღევანდელ შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვეს იმ პირობებისა და ყურადღების გამო, რაც მერიის პროგრამის ფარგლებში მათ ბაკურიანსა და ანაკლიაში მიიღეს. მათ კმაყოფილება იმ ფაქტთან დაკავშირებითაც დააფიქსირეს, რომ მგზავრობის დროს მათ ესკორტირებას უწევდა საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ამასთან, მათ უკმაყოფილება იმ ფაქტის გამო გამოთქვეს, რომ მათი სახელით სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ხდება აღნიშნული თემით სპეკულირება.
თბილისის მერიის შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე საკურორტო სეზონზე მთასა და ზღვაზე, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი შშმ პირი დაისვენებს. კერძოდ, 3-დან 22 წლამდე ასაკის პირებსა და მათ მშობლებზე 1 700-მდე საგზური გაიცემა.
დღეისათვის ბაკურიანში ადაპტირებულ სასტუმრო „ვერე პალასში“ მომსახურება გაეწია 444 შშმ პირს და მათ გამყოლს, ხოლო ანაკლიაში, ასევე, ადაპტირებულ სასტუმრო „ოქროს საწმისში“ 514 შშმ პირს და მათ გამყოლს.
მასალის გამოყენების პირობები






