თუმცა, როგორც ქარდავა "ნიუპოსტთან" საუბარში აღნიშნავს, ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ წამოწყებული დავის უკან ის ხელისუფლების კვალს ხედავს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ხელისუფლება „რუსთავი 2“ - თან მიმართებაში გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს, ეს დისკომფორტი კი არჩევნების მოახლოებამ უფრო ცხადყო და მთავრობამ თაისუფალი ტელეკომპანიის წინააღმდეგ ივანიშვილის მმოწოდებების განხორციელება დაიწყო.
„როდესაც ხალვაშს შეაქვს სარჩელი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, როგორც კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით, ეს არის სამართლებრივი საკითხი და ეს არის სასამართლოს გადასწყვეტი თემები, მაგრამ არის ბევრი კითხვის ნიშანი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვებს ბადებს. დაწყებული ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდშიც და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც არაერთი განცხადება გააკეთა, რომ „რუსთავი 2“-ის მეპატრონეებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნებია. ეს იყო პირველი განცხადება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, რომელიც გარკვეულ წაქეზებას გავდა ადამიანების, რომ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა დაწყებულიყო. მეორე იყო სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები კანონში, რა დროდაც კეთდებოდა აპელირება, რომ ეს არის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა მაშინ, როდესაც რეკომენდაციაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ 2-3 წლის შემდეგ იყო საჭირო ამ ცვლილების განხორციელება. თუმცა ხელისუფლებამ მისი დაუყოვნებლივ განხორციელება მოინდომა, რადგან სარელამო ბაზრის რეგულირება ამ სახით სწორედ „რუსთავი 2“-ს აყენებდა დარტყმას. ბოლოს მინდა ვთქვა, ტელეკომპანიის გასართობ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვა ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილება ყოფილიყო. ყველაფერ ამას თუ ერთად შევკრიბავთ და ავკინძავთ, ფაქტია, რომ ხელისუფლება „რუსთავი2“-თან მიმართებაში დისკომფორტს გრძნობს, მითუმეტეს როდესაც ახლოვდება არჩევნები, ეს დისკომფორტი თაისუფალი ტელეკომპანიის სახით ხელისუფლებას ნამდვილად აქვს“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბარში ბაჩუკი ქარდავა.
ედპ-ს ლიდერი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა სურს.
„ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას სურს თავისი გავლენის ქვეშ მაოქციოს, მოთოკოს ტელეკომპანია, რომელიც მას უქმნის გარკვეულწილად პრობლემებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა და რომც არ იყოს ეს მათი მცდელობა, ქიბარ ხალვაშის რატომღაც ეხლა გახსენებულ სარჩელებს აუცილებლად თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხალვაშს ეს დღეს გაახსენდა. ალბათ მოსალოდნელია, რომ ეს უფრო ხელისუფლებისგან პროვოცირებული პროცესია“, - განაცხადა ქარდავამ.
ბაჩუკი ქარდავას თქმით, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ 21-ე საუკუნეში ხმას აიმაღლებს, ის აუცილებლად ხელისუფლების მარცხით დასრულდება.
„თუ ხალვაშის შემთხვევაში კერძო საკუთრება ნამდვილად არის ხელყოფილი და არსებობს სამართლებრივი პრობლემები, ვისურვებდი, რომ ხალვაშს ამ პრობლემის მოგვარება შეძლებოდა, რადგან კერძო საკუთარება ხელშეუხებელია, თუმცა როდესაც არსებობს „მაგრამ“ "რუსთავი 2"-თან მიმართებაში, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ თავისუფალი ტელეკომპანიის ხმა ჩახშული იყოს საქართველოში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის უკანასკნელი კუნძული თავისუფლების და საშუალება იმის, იმედი გქონდეს, რომ თავისუფალი სიტყვა შენს ქვეყანაში ბოლომდე არ იქნება შეზღუდული. ამდენად ვისურვებდი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხელისუფლება დამარცხდეს. თუმცა თამამად შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ 21-ე საუკუნეში ხმას აიმაღლებს, ის აუცილებლად ხელისუფლების მარცხით დასრულდება“, - განაცხადა ქარდავამ
მასალის გამოყენების პირობები






