თავდაცვის მინისტრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექს "დელტაში" სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნას ითხოვს. თინა ხიდაშელს კომპანიასთან პრეტენზიები აქვს. მინისტრის უკმაყოფილება კომპანიის საქმიანობის გარდა ის დაფინანსებამაც გამოწვია, რომელსაც საწარმო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს.
„როგორც ჩანს, რაღაც ვერ არის კარგად. პრემიერთან დაწყებული გვაქვს ამ საკითხზე კომუნიკაცია და სწრაფად ვაპირებთ, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ. არის რაღაც ნაწილი, სადაც შეუსაბამო დაგვიანებები ხდება. თავად „დელტა“ ცოტა გაუგებარ ურთიერთობაშია შესული სხვადასხვა კერძო კომპანიებთან. ჩემი აზრი, ის ისევე როგორც კვების სახელმწიფო კომპანია, მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომ გაუგებარია, რომ „დელტა“ 100%-ით ჩამოკიდებლი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტთან“, - ამბობს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი უკმაყოფილოა იმ სამხედრო ტექნიკითაც, რომელსაც "დელტა" აწარმოებს.
„აბსოლუტურად გაუგებარი ტექნიკა შეიქმნა, რომელსაც ფუნქცია არ აქვს. შესაძლებელია რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იქნას გამოყენებული, მაგრამ ამისთვის იგივე თანხაა საჭირო, რაც მათზე აქამდე დაიხარჯა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






