შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კი კახი კახიშვილი უხელმძღვანელებს, - ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გიორგი მღებრიშვილი იყო წარმატებული მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემაში, სტრატეგიულად და შინაარსობრივად, რადიკალური რეფორმა განახორციელა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება, სისასტიკე, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო.
„გოგამ გააუქმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირველად, სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობისთვის. გოგა არის ინოვაციური პროექტის ინიციატორი, ვგულისხმობ ელექტრონულ სამაჯურებს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება პატიმრების მონიტორინგი შინაპატიმრობაში. ბატონი გოგა არის ორი შვილის მამა, წესიერებით გამორჩეული, პროფესიით სამართალმცოდნე და ამ სფეროში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იგი არაერთ, მათ შორის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გოგა არის ძლიერი მენეჯერი, კარგად იცნობს სისტემას და ზუსტად იცის, რა სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებს. დარწმუნებული ვარ, ის განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






