ე.წ. კორტების საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და სათანადო პირობები.
ეს განცხადება კოჭლამაზაშვილმა ირაკლი ფირცხალავას და საქმეზე ბრალდებული სხვა პირების განცხადების შემდეგ გააკეთა.
„საჭიროდ ვთვლი მივმართო სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ იგი ვალდებულია დაიცვას ყველა პატიმრის უსაფრთხოება და შეუქმნას თითოეულ პატიმარს სათანადო პირობები. მივმართავ სამინისტროს ყურად იღოს თქვენი განცხადება და უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა", - განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
ირაკლი ფირცხალავამ პროცესზე გლდანის ციხიდან ე.წ მარტოსოვის ციხეში დაბრუნება მოითხოვა. მისი თქმით, #8-ე დაწესებულებაში მას პატიმრები შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, თუ მას ე.წ. მატროსოვის ციხეში არ გადაიყვანენ, ორშაბათიდან სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება და ადვოკატზეც უარს იტყვის.
პროცესებზე დასწრებაზე უარი განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ლევან ბეროძემაც. მან ამის მიზეზად ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაასახელა.
"საერთოდ აღარ მოვალ პროცესებზე. რაც რამე უბედურება არსებობდა ყველაფერმა ჩემზე გადაიარა. ძალიან განვიცდი ყველა პროცესს და მოგმართავთ, რომ აღარ მინდა დავესწრო სასამართლო სხდომებს“, - განაცხადა ბეროძემ.
მასალის გამოყენების პირობები






