პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის კრიტიკას პასუხობენ. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის ინსტიტუტი მხარს უჭერს ინსტიტუცების გაძლიერებას.
მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში და ეს სეგმენტი კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი ყოველთვის მხარს უჭერს ინსტიტუციების გაძლიერებას. ამ შემთხვევაში წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, რომელსაც ასოცირების დღის წესრიგი გვავალდებულებს უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებით. მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა წარედგინოს პარლამენტს ვეტოს შემთხვევაში სრულად ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, თანხვედრაშია ასოცირების დღის წესრიგთან, ასახავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას, სადაც საუბარია, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნულიბანკის შემადგენლობაში უნდა დარჩეს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე“ ვეტოს დადების აუცილებლობა არ არსებობს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟია ატეხილი.
როგორც პრემიერი ამბობს, ყველა შენიშვნა რაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ კანონპროექტთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია.
მასალის გამოყენების პირობები






